რელიგია
ისტორიულ ჰერეთში XIX საუკუნეში აგებული წმიდა ნინოს ეკლესია აღადგინეს. საინფორმაციო სააგენტო "კავკაზსკი უზელის" ინფორმაციით, სოფელ ალიბეილიში მდებარე ეკლესია საყოფაცხოვრებო ფუნქციას ასრულებდა და იქ სასუქს ინახავდნენ.
სააგენტოს ცნობით, პირველ ეტაპზე ეკლესიის ინტერიერი აღდგა, შემდგომ კი – ფასადი და მისასვლელი გზაც. რეაბილიტაცია ადგილობრივ მცხოვრებთა და ორგანიზაციათა შემოწირულობით განხორციელდა.პირველი წირვა-ლოცვა აღდგენილ ეკლესიაში ქურმუხის წმიდა გიორგის ტაძრის წინამძღვარმა, მამა ბასილ გიგოლაშვილმა აღავლინა. ადგილობრივი მოსახლეობა იმედოვნებს, რომ წმიდა ნინოს ახალაღდგენილ ტაძარში სასულიერო პირს საქართველოს საპატრიარქო მიავლენს.
"კავკაზსკი უზელის" ინფორმაციით, სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს მუშაბაშში მდებარე მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, ალავერდის წმიდა ნინოსა და ქოთოყლოს სამების ტაძრები. ალიბეილიში ეკლესიის აღდგენის თაობაზე საქართველოს საპატრიარქოში ამ დრომდე არაფერი იციან.