უცხოეთი
დონალდ ტრამპმა აშშ-ის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

 საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. დონალდ ტრამპმა აშშ-ის გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი ჯეფ სეშნსი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ BBC-მ დაწერა.

სეშნსის გათავისუფლებას დონალდ ტრამპი Twiitter-ზე გამოეხმაურა. „ჩვენ მადლიერები ვართ გენერალური პროკურორის მისი სამსახურისთვის და მას ყოველივე კარგს ვუსურვებთ“, - დაწერა ტრამპმა.

გენერალური პროკურორის მოვალეობას დროებით მეთიუ უითეკერი შეასრულებს. უითეკერი მანამდე იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო.

აშშ-ის გენერალური პროკურორის გადადგომას წინ ტრამპის არაერთი კრიტიკული განცხადება უძღოდა. ტრამპი ღიად აცხადებდა, რომ სეშენსის საქმიანობით უკმაყოფილოა.

სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯეფ სეშნსი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თქვა, რომ მას გენერალური პროკურორი არ ჰყავს, რაც ძალიან სამწუხაროა.

ტრამპის თქმით, ის გენპროკურორით ძალიან იმედგაცრუებულია. იმედგაცრუების მიზეზი ისაა, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ, ჯეფ სეშენსმა ინტერესთა კონფლიქტის გამო, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის შესაძლო გარიგების საქმის ზედამხედველობაზე უარი თქვა. მან ეს ნაბიჯი პრეზიდენტს არ შეუთანხმა.

სექტემბრის დასაწყისში ტრამპმა სეშნსი Twitter-ის საკუთარ გვერდზეც გააკრიტიკა და მას ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე, ორი რესპუბლიკელი კონგრესმენის შანსებისთვის ზიანის მიყენების გამო დასდო ბრალი. ივნისში კი, ჯეფ სეშნსს მთელი წლის მანძილზე გაჭიანურებული სპეციალური გამოძიებისთვის უსაყვედურა. 18 სექტემბერს ტრამპმა ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე დოკუმენტების ნაწილის გასაჯაროება ბრძანა.

imedinews.ge