უცხოეთი
დონალდ ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ ვლადიმერ პუტინს პარიზში შეხვდება

 საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პარიზში შეხვდება, თუმცა ადასტურებს, რომ მასთან შეხვედრას „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართავს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ჯერ არაფერზე შევთანხმებულვართ. არ ვიცით, იქნება თუ არა ეს შესაბამისი ადგილი. მე პარიზში სხვა მიზეზით ვიქნები. თუმცა, ჩვენ შევხვდებით „დიდი ოცეულის“ სამიტზე“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების დარეგულირება კარგი იქნებოდა და ამისთვის ბევრი შეხვედრა უნდა გაიმართოს.

„თუმცა მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვექნება შეხვედრა პარიზში. სავარაუდოდ არა“, – აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა.

23 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა 11 ნოემბერს პარიზშია დაგეგმილი, სადაც ორი ქვეყნის ლიდერი პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებზე დასასწრებად ჩავა.

„დიდი ოცეულის“ სამიტი არგენტინაში 30 ნოემბერსა და პირველ დეკემბერს გაიმართება.

1tv.ge