აქტუალური
რას ამბობდა 2011 წელს გრიგოლ ვაშაძე ფოტოგრაფების საქმეზე (ვიდეო)

 საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. პირველმა არხმა მოიძია საარქივო ვიდეომასალა, რომელშიც ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 2011 წლის ივლისში ფოტოგრაფების დაკავების საქმეზე ლაპარაკობს. ვიდეომასალა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში 2011 წლის 18 ივლისის 15:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა (ვიდეო იხ. აქ).

2011 წელს გაკეთებულ კომენტარში იმ პერიოდის საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ამბობს: თქვენ იცით, რომ საქმეში არის უკიდურესად მძიმე მტკიცებულებები, ეს მტკიცებულებები წარედგინება სასამართლოს, მეორესულ ყველა ბრალდებულებმა მისცეს აღიარებითი ჩვენებები. მე უკვე ნათქვამი მქონდა თქვენს წინა შეხვედრაზე, რომ ეს ასეც მოხდება, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქმეში არის უკიდურესად მძიმე მტკიცებულებები. რაც შეეხება .. ზოგიერთი ჩვენი მასმედიის, ჩვენი პრესის რეაქციას, სიმართლე გითხრათ, ძალიან უკმაყოფილო ვარ, რადგან იძლევიან სრულიად უსაფუძვლო შეკითხვებს, მაგალითად, იმას, ჰქონდა დაშვება თუ არა. გეგონება, ჯაშუში მოქმედებს იმის მიხედვით, რაზე აქვს დაშვება, ან არა. ისიც მაინტერესებს, მოუხდიან თუ არა ჩვენს სამართალდამცველებს ბოდიშს ჟურნალისტები მაშინ, როდესაც სასამართლოში გამოაშკარავდება ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ახლა საქმეშია“.

ფოტორეპორტიორებმა ნათია და ირაკლი გედენიძეებმა ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალების 2011 წლის 18 ივლისის მასალა გაავრცელეს, სადაც მაშინდელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მათ მძიმე ბრალდებებს უყენებდა.

მათ საპასუხოდ ვაშაძემ აღნიშნა, რომ ფოტოგრაფების საქმეზე მსგავსი რამ არასდროს უთქვამს.

არასოდეს ეს არ მითქვამს. ნუ ამახინჯებთ ჩემს ციტატებს. არასოდეს ასეთი რამ არ მითქვამს, არასდროს. მე ვიძახდი, რომ სამართალდამცავები და პროკურატურა ამბობს, რომ არსებობს მყარი მტკიცებულებები და ისინი გაერკვევიან ამ საქმეში“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საქინფორმი უცხოელ მკითხველებს შეახსენებს, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ფოტორეპორტიორები იმის გამო დააპატიმრა, რომ მათ უცხოურ მედიაში გაავრცელეს საკუთარი გადაღებული კადრები მოვლენათა შუაგულიდან - 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო მიტინგის დარბევის სადამსჯელო ოპერაციიდან. ფოტოგრაფების მიმართ ფიზიკური ძალა იხმარეს და რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს, მაგრამ შემდეგ ხელწერილით გამოუშვეს.