სამართალი
დეპუტატ მკოიანის შვილს ბრალდება წაუყენეს - ახალქალაქის ჩხუბის საქმე გახსნილია

 საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. პროკურატურამ ახალქალაქში მომხდარი ჩხუბის საქმეზე, რომლის შედეგად ოპოზიციონერები საავადმყოფოში მოხვდნენ, ბრალი წაუყენა ხუთ მოქალაქეს, მათ შორის პარლამენტის დეპუტატ ენზელ მკოიანის ვაჟს, ძმასა და ძმისშვილს, იუწყება ტელეარხი „რუსთავი 2“.

სამშაბათს მომხდარი ჩხუბის შედეგად დაშავდნენ ოპოზიციური გაერთიანების ძალა ერთობაშია ოთხი წევრი - აშოტ რაისიანი, აბრაჰამ და ტიგრან აბრაამიანები და მიშა აბგარიანი. ოპოზიციის მონაცემებით, მათ ოფისში შეუცვივდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის წარმომადგენლები.

გამოძიების მონაცემებით, ინციდენტი თამარ მეფის ქუჩაზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბთან მოხდა და მის შედეგად ამ შტაბის წევრებმა სხვადასხვა დაზიანება მიიღეს.

ჩხუბი საპრეზიდენტო არჩევნებიდან მესამე დღეს მოხდა. მიზეზი კი ის გახდა, რომ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა ღამით მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პლაკატები ჩამოხიეს.

პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა გამარჯვებისთვის საჭირო 50%-ის მოგროვება ვერ შეძლო. მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან სალომე ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ოპოზიციური გაერთიანების ინტერესებს წარმოადგენს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არაუგვიანეს 2 დეკემბრისა ჩატარდება.

ჯგუფურ ცემაში ბრალდებულებს სასჯელის სახით ემუქრებათ ჯარიმა, 40-დან 200 საათამდე ვადით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.

მანამდე შსს-მ განაცხადა, რომ დაშავებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ.

ამ დროისათვის დანარჩენი ორი ბრალდებულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებები ორივე მხარეს შეიძლება წაეყენოს.