პოლიტიკა
ინფორმაცია, თითქოს ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას შეშფოთება გამოხატა თავდაცვითი შეიარაღების რუსეთისთვის შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად ცრუ და ყალბი! – აშშ-ში საქართველოს საელჩო

 საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. „ინფორმაცია, თითქოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას გამოხატა შეშფოთება საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად ცრუ და ყალბი“, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

ლაპარაკია ინგლისურენოვან რესურს ReportBlog-ის პუბლიკაციაზე, რომელიც სააკაშვილის ექსმმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მისი რეჟიმის ბევრ დანაშაულში გარეულმა კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკა რურუამ გაავრცელა. პუბლიკაციაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა საქართველოში ცოტა ხნის წინანდელი ვიზიტის დროს, ვითომდა, მკაცრად გააფრთხილა ხელისუფლება - არავითარ შემთხვევაში არ გადასცენ აშშ-ში შეძენილი „ჯაველინები“ რუსეთის ფედერაციას. „აი, რა საფრთხე დაინახა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოში პრორუსული, მოღალატე ხელისუფლებაა, ისეთივე, როგორი პრეზიდენტობის კანდიდატიც შემოგვთავაზა!“, - კომენტარს უკეთებს ზემოაღნიშნულ პუბლიკაციას ნიკა რურუა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის აბსოლუტურად ცრუ და ყალბი ინფორმაცია. საეჭვო კერძო ბლოგიდან დეზინფორმაციის გავრცელება კლასიკური მცდელობაა, ჩრდილი მიაყენონ საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც განსაკუთრებულად ბოლო წლებში უაღრესად პოზიტიურად ვითარდება და ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

ელჩი ბოლტონის ვიზიტი საქართველოში იყო უაღრესად წარმატებული და ამ ვიზიტის კვალდაკვალ ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ მასშტაბებს შეიძენს, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით“, – აღნიშნულია აშშ-ში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.