პუბლიკაციები
კურორტ სოჭს დღედაღამ აშენებენ (ნაწილი პირველი)

bondo_sochiსოჭის ზამთრის ოლიმპიადის მზადებისა და ოლიმპიური ობიექტების მშენებლობის შესახებ საქართველოში დაახლოებით იმდენი იციან, რამდენიც მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა - სოფლის მეურნეობისა, ანუ თითქმის არაფერი. საერთოდ, მსოფლიო მასშტაბის ღონისძიება ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, მაგრამ ჩვენთან, უპირველესად, პოლიტიკურ ასპექტებზე ამახვილებენ ყურადღებას. მომგებიანი თემაა სპეკულაციისთვის.

ამჯერად ჩემი მიზანი არაა სოჭის ოლიმპიადის პოლიტმხარის განხილვა, რადგან ამ თემაზე სხვებმა უკვე იმსჯელეს და, ალბათ, არც მომავალში დაიზარებენ საკუთარი მოსაზრებების გაზიარებას.

სოჭში ბალტიისპირელი, ამიერკავკასიელი და უკრაინელი ჟურნალისტების მიწვევა სპეციალურად ოლიმპიადისწინა პროცესებისა და ოლიმპიადის მედიაუზრუნველყოფისთვის შექმნილმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ “ერთიანმა საინფორმაციო ცენტრმა” და უდიდესმა მულტიმედიურმა საინფორმაციო სააგენტო “რია-ნოვოსტიმ” გადაწყვიტეს და, რადგან ამ მასალას კითხულობთ, ესე იგი ჩვენი მისიაც შესრულებულია.

10-11 თებერვალს ოლიმპიური მშენებლობის ობიექტები დავათვალიერეთ და, გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ შთაბეჭდილებებით დატვირთული დავბრუნდით სამშობლოში.

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სოჭის ოლიმპიური ობიექტები უკვე ამთავითვე, მშენებლობის პროცესში, იწვევს პატივისცემას თავისი მასშტაბურობისა და უნიკალურობის გამო. და ეს გასაკვირი არც არის: 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის ხარჯები ათჯერ აღემატება ტურინის, სოლტ-ლეიკ-სიტისა და ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადების ბიუჯეტებს.

უპირველესი, რაც უნდა აღინიშნოს: ყველა ობიექტი, სათხილამურო ტრასებით დაწყებული (უკვე მომზადებულია და პირველ გამოცდებსაც გადის) და ოლიმპიური სოფლით დამთავრებული, ახლა იქმნება.

მაგრამ სოჭში მხოლოდ უშუალოდ ოლიმპიადისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა კი არ შენდება, არამედ მთლიანად კურორტი იძენს ახალ სიცოცხლეს და სულ რაღაც სამი წლის შემდეგ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი მსოფლიოში, სადაც დამსვენებელს შესაძლებლობა მიეცემა, ზამთარში და ზაფხულში ერთდროულად დაისვენოს (ხომ არაფერი გაგახსენდათ? მაგრამ ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ პოლიტიკაზე არ ვისაუბრებდით).

ამის შესახებ ქვემოთ. ახლა კი “როზა ხუტორს” ვეწვიოთ და ვნახოთ, რამდენად მომზადებულია ეს კომპლექსი ოლიმპიელების მისაღებად.

 

სტუმრად ღმერთებთან

ოლიმპიური თამაშების სამთო კლასტერში განთავსებულ სპორტულ ობიექტებზე მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები ერთმანეთს თხილამურებით სრიალში, ბიატლონში, ბობსლეიში (სხვათა შორის, აქ კარგად ახსოვთ ვანკუვერში ქართველი ოლიმპიელის - ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული დაღუპვა და ტრასის მოწყობისას ეს ფაქტი არ დავიწყებიათ: ისე გააკეთეს, რომ მაქსიმალური სიჩქარე 135 კმ/სთ-ს არ გადააჭარბებს) ტრამპლინიდან ხტომაში, სნოუბორდსა და ფრისტაილში შეეჯიბრებიან.

სამთო-სათხილამურო კომპლექსი “როზა ხუტორი” ზღვის დონიდან 600 მეტრზეა და, ზღვისპირა სოჭისგან განსხვავებით, მთლიანად თეთრ საბურველშია გახვეული. მთის კლასტერი უკვე 2011 წელს უნდა ჩაიბაროს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა. სპორტული ობიექტების ნაწილი მთლიანად მომზადებულია და ტესტ-შეჯიბრებებიც გაიმართა - ჩვენი იქ ყოფნისას რუსეთის თასის მოსაპოვებლად ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სწრაფ დაშვებასა და სლალომში. ზოგიერთი ობიექტი კი მალე შევა ექსპლუატაციაში. ოლიმპიადის შემდეგ “როზა ხუტორი” სამთო-სათხილამურო კურორტის ერთ-ერთი ნაწილი გახდება.

ალბათ, გაგაკვირვათ ქვესათაურმა, მაგრამ, როდესაც ჟურნალისტები საბაგირო გზის კომფორტულ კაბინებში მიგვიწვიეს, “სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა” დავიწყეთ ასვლა, სამჯერ გამოვიცვალეთ ტრანსპორტი და სულ რაღაც ნახევარ საათში ზღვის დონიდან 2200 მეტრზე აღმოვჩნდით, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ღმერთებს ვეწვიეთ.

მთელი საბაგირო გზა 6 კილომეტრზე მეტია და სამ ნაწილად არის დაყოფილი. 30 წუთის მანძილზე 150 მეტრის სიმაღლიდან ვტკბებოდით ულამაზესი ბუნებით და თითქოს ყინვაც კი არაფრად მიგვაჩნდა. მაგრამ, როდესაც ღია საბაგიროთი გზის გაგრძელება შემოგვთავაზეს, “ყინვაგამძლეებმა” გარისკეს, მე კი თავაზიანად ვიუარე (აი, “რია-ნოვოსტის” დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნების რედაქციის პასუხისმგებელი რედაქტორი ვალერია პანინა, ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია “ერთიანი საინფორმაციო ცენტრის” გენერალური დირექტორი მარინა მასტეპანი და ამ ცენტრის პროექტების ხელმძღვანელი სერგეი ვინოგრადოვი კი ერთი წუთითაც არ გვტოვებდნენ უყურადღებოდ არც მთაში და არც მეორე დღეს, როცა მშენებარე ოლიმპიური ობიექტების დასათვალიერებლად სოჭის ზღვისპირეთში წავედით).

მთიდან დაბრუნებულებს უკვე გველოდა შეხვედრა “საქმიანი ადმინისტრირების ოსტატთან” (ეს ხარისხი მას აშშ-ის ჰარტფორდის უნივერსიტეტში მიანიჭეს), სამთო-სათხილამურო კურორტ “როზა ხუტორის” დეველოპერული კომპანიის გენერალურ დირექტორ სერგეი ბაჩინთან, რომელმაც, კაცმა არ იცის, მერამდენედ განმარტა კურორტის სპეციფიკა და პერსპექტივა. უკვე მერამდენედ-მეთქი იმიტომ აღვნიშნე ხაზგასმით, რომ რუსეთის სამთო-სათხილამურო სპორტისა და სნოუბორდინგის ფედერაციაში ჩვენსავით აკრედიტებული ჟურნალისტები ხშირად სთხოვენ კომენტარს და ისიც სიამოვნებით საუბრობს უკვე გაკეთებულ თუ დასრულების სტადიაში არსებულ ობიექტებზე. რაც მთავარია, კურორტი ნულიდან შენდება და ჟურნალისტები ერთ-ერთი პირველები ვართ, ვინც ამ პროცესს თვალს ადევნებს.

სანამ სერგეი ბაჩინის კომენტარს შემოგთავაზებდეთ, ბარემ აქვე გეტყვით, რომ კომპლექსის სათხილამურო ტრასებზე რეგულარულად ყრიან ხელოვნურ თოვლს, რადგან მხოლოდ ბუნებრივ თოვლზე შეჯიბრების გამართვა არ შეიძლება - დაშვებისას პირველ და ბოლო მოთხილამურეს განსხვავებულ პირობებში მოუწევთ ასპარეზობა. ამიტომაც ითვალისწინებენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნებს და თოვლს სათხილამურო ტრასების გასწვრივ, ორივე მხარეს 2200 მეტრ სიმაღლემდე განთავსებული სპეციალური ქვემეხებით ისვრიან. ეს კი ყველაზე მაღალი ადგილია, სადაც მოთხილამურეს საბაგირო გზით ასვლა შეუძლია. ასე რომ, თუ ბედი გაგიღიმებთ და სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე დასწრებას შეძლებთ, მდინარე მზიმთას ხეობაში, “როზა ხუტორში”, ქვემეხის ხმა ნუ შეგაშინებთ - აქ მუზების დასადუმებლად არ ისვრიან. პირიქით, ოლიმპიური ასპარეზობისთვის საუკეთესო პირობების შექმნაზე ზრუნავენ.

სერგეი ბაჩინისთვის მშენებლობა ახალი საქმე არ არის. იგი წინათ ღია სააქციო საზოგადოება “ოპინის” სადეველოპერო პროექტებს ხელმძღვანელობდა მოსკოვში, ნოვოსლობოდაიას ქუჩაზე: საოფისე ცენტრის, თეატრ “მეიერჰოლდისა” და სასტუმრო Nოვოტელ Mოსცოწ ჩენტრე-ის მშენებლობას. ამიტომაც საქმიანმა გენერალურმა დირექტორმა ჩვენთან საუბარი პირდაპირ საქმით დაიწყო, თუმცა კურორტის ღირსშესანიშნაობის აღნიშვნაც არ დავიწყნია:

“შესანიშნავი კურორტია და ტრასებიც უკვე მზადაა. სპორტსმენები ვარჯიშობენ. მადლობა ღმერთს, თოვლი უხვად დევს, ხელოვნურიცა და ბუნებრივიც. ხელოვნურს, ძირითადად, ღამით ვამზადებთ, შემდეგ ვტკეპნით. ღამით რატომ? იმიტომ, რომ ტემპერატურა უფრო დაბალია, რაც თოვლს გამაგრების საშუალებას აძლევს. თუმცა დღეს ის უხვად გვაქვს და სხვა პრობლემა წამოგვეჭრა – სად მოვათავსოთ? ჩვენს კურორტზე მედლების 22 კომპლექტი გათამაშდება. უახლოეს ხანებში დაგეგმილია სამთო ოლიმპიური სოფლის მშენებლობა 2600 სპორტსმენისთვის. ვაშენებთ 6 სასტუმროს, აპარტ-ოტელებს, მაღაზიებს, რესტორნებს. ხეობაში მთელი ქალაქი იქნება. ოლიმპიადის დროს კურორტი “როზა ხუტორი” დღეში 5-დან 10 ათასამდე სტუმარს მიიღებს. მშენებლობა მთლიანად 2013 წელს დასრულდება. თუმცა სატესტო რეჟიმში ტურისტებისთვის უკვე ღიაა”.

“როზა ხუტორის” პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 1 მილიარდ 700 მილიონი დოლარია. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რისი გაკეთება შეიძლება და რა კეთდება ამ თანხით. ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდებოდა - ვუყურებდით, რომ, მიუხედავად გადაუღებელი თოვისა, მშენებლობა შეუჩერებლად მიმდინარეობდა. მშენებარე სასტუმროების კადრებს კი ფოტოებზეც ნათლად ხედავთ.

თუმცა სერგეი ბაჩინმა ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამთო-სათხილამურო კურორტის აშენება ოლიმპიადის ჩატარების უფლების მოპოვებამდე სამი წლით ადრე დაიწყეს. “დიახ, ოლიმპიადა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა - ერთ-ერთი, რაც კურორტის ფარგლებში გაიმართება”, - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა და კვლავ კურორტის გახსნის თემას დაუბრუნდა:

“ჩუმად გავხსენით, არავისთვის არაფერი გვითქვამს. მაგრამ მაშინვე გვეწვია ათას ხუთასი ტურისტი. ეტყობა, მაინც გაიგეს. რამდენიმე დღის წინათ, როცა მთაში ავედი, იქ გამოცდილი მოყვარული მოთხილამურეები შემხვდნენ, ხელი ჩამომართვეს და მითხრეს, რომ თხილამურებზე სასრიალოდ ავსტრიის მთებში აღარ გაემგზავრებიან. საქმე ისაა, რომ კავკასიაში ახალგაზრდა მთებია, ამიტომ უფრო დამრეცია, ვიდრე ევროპის ბევრი მთა. მეტად საინტერესოა იმათთვის, ვინც თხილამურებით სრიალი იცის. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ პროფესიონალებისა და ამ საქმის, ასე ვთქვათ, საშუალოდ მცოდნეებისთვის ჩვენი ტრასები უფრო მომხიბვლელია, ვიდრე ევროპისა. ჩვენთან ფასებიც მისაღებია და სერვისიც ძალიან მაღალი. ფასებს არ გავზრდით და ტურისტებსაც მთელი ძალისხმევით მოვიზიდავთ”.

მაგრამ ეს უკვე მომავლის საქმეა. მთავარია, რომ ტესტირება წარმატებით ჩატარდა და ახლა კურორტზე ტექნოლოგიური შესვენება გამოცხადდა. სულ ცოტაც და ახალი კურორტი ყოველდღიურად 10 ათასამდე სპორტსმენს უმასპინძლებს.

მანამდე კი (იმედია დროებით) დავემშვიდობოთ საქმიან მასპინძლებს და შემდეგი ობიექტი მოვინახულოთ, რომელიც თავისი მასშტაბებით ბამის - ბაიკალ-ამურის მაგისტრალისMმშენებლობას უთანაბრდება.

 

ფარი უმახვილოდ

ზღვისპირა და მთის კლასტერებს ერთმანეთთან სარკინიგზო და საავტომობილო გვირაბი დააკავშირებს. ღია სააქციო საზოგადოება “რუსეთის სარკინიგზო გზების ფილიალის - რუსეთის სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტთა მშენებლობისა და სარკინიგზო გზების კომპლექსური რეკონსტრუქციის დირექციის” შეკვეთის სამსახურის უფროსის მოადგილის, ანდრეი დუდნიკის თქმით, ეს 48-კილომეტრიანი გზა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და ურთულესია და მხოლოდ ბამს - ბაიკალ-ამურის მაგისტრალს შეიძლება შევადაროთ.

ეს არის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო პროექტი - კომბინირებული საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალი - ადლერი-კრასნაია პოლიანა, რომელიც მთის მასივის სიღრმეში, საერთო ჯამში 27 კილომეტრი სიგრძის 12 გვირაბს გაივლის და იმერეთის დაბლობზე განფენილ ოლიმპიურ პარკსა და სამთო-სათხილამურო ფერდობებს ერთმანეთთან დააკავშირებს სულ რაღაც 30 წუთში. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა წერილის დასაწყისში ერთდროულად ზამთრისა და ზაფხულის კურორტზე ვსაუბრობდი. ასევე აშენდება 75 ესტაკადა. ტრასა უმეტესად მდინარე მზიმთას მარცხენა ნაპირს გაუყვება, ზოგიერთ ადგილებში კი მდინარის ქვეშაც გაივლის.

გვირაბები, მშენებლობის ტემპის შენარჩუნების მიზნით, ორივე მხრიდან გაყავთ. ანდრეი დუდნიკის თქმით, მთის პირობებში პირველად მუშაობენ გვირაბგამყვანი ფარების დახმარებით. კანადური და გერმანული წარმოების ექვს გვირაბგამყვან კომპლექსს ამუშავებენ.

მე თავად ვნახე, მაგრამ თქვენც რომ შეგექმნათ წარმოდგენა, რაზეა საუბარი, გეტყვით, რომ გვირაბგამყვანი კომპლექსი არის 80-მეტრიანი მექანიზმი და მისი გამოყენებისას მოსამზადებელი სამუშაოების აუცილებლობა აღარ არსებობს. კომპლექსი არამხოლოდ თხრის, არამედ ამუშავებს კიდეც და მის უკან მზა გვირაბი რჩება, რაც საშუალებას იძლევა, თვეში 300-400 მეტრით წაიწიოს წინ მიწის სიღრმეში. ეს კი სამთო კომბაინთან შედარებით ათჯერ აჩქარებს პროცესს.

“მთელი გზა 6 საგვირაბო კომპლექსს მოიცავს, რომელთაგან სამი სარკინიგზო და საავტომობილო კომპლექსია. დღეს ავტოგზის 6 კმ აგებულია. 2010 წლის ბოლოსთვის პირველ საგვირაბო კომპლექსში მატარებლით პირველი 14 კმ გავიარეთ”, - ანდრეი დუდკინის ამ განმარტების შემდეგ მშენებლობის ვადებით დავინტერესდით.

სამუშაოების დამთავრება 2013 წლისთვის იგეგმება. მშენებლობის ხელმძღვანელის თქმით, ამ ვადებში თავისუფლად ჩაეტევიან და ოლიმპიადის დროს ეს გზა საათში 7,5 ათასი ადამიანის გატარებას შეძლებს.

საერთოდ, სოჭში დიდ ყურადღებას უთმობენ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. 2014 წლისთვის 260 კილომეტრზე მეტი სიგრძის საავტომობილო და 100 კილომეტრი სიგრძის რკინიგზა აშენდება.

ჩვენ უკვე ვიცით, რა დიდი მნიშვნელობა აქვს გზებს ტურიზმის განსავითარებლად. ამიტომ ამ თემაზე ახლა აქ შევწყვიტოთ საუბარი. ამ საკითხს მომავალ პუბლიკაციებშიც დავუბრუნდებით, როცა სოჭის მერთან - ანატოლი პახომოვთან შეხვედრის შესახებ მოგითხრობთ, და იმის შესახებაც გაიგებთ, რა უპასუხეს საიფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის გენერალურ დირექტორს, მთავარ რედაქტორს - არნო ხიდირბეგიშვილს, როდესაც იგი სოჭის ოლიმპიური ობიექტების მშენებლობისას აფხაზეთიდან გამოტანილი სამშენებლო მასალების საკითხით დაინტერესდა.

თუმცა, ვიდრე შთაბეჭდილებების ამ ნაწილს წერტილს დავუსვამ, აუცილებლად მინდა გითხრათ ჩემთვის მოულოდნელი კიდევ ერთი ფაქტის შესახებ. მე არ მინახავს და, კაცმა რომ თქვას, არც გამიგია, რომ ობიექტისკენ მიმავალ სამშენებლო მასალებით დატვირთულ ავტომანქანებს სპეციალურ რენტგენის აპარატებში ატარებდნენ. სოჭში კი ეს ვნახე. როცა მიზეზით დავინტერესდი, ამიხსნეს, რომ ყველა სამშენებლო ობიექტი, გზები, სამთო და ზღვისპირა კლასტერი აღჭურვილია უსაფრთხოების უკანასკნელი მიღწევებით, რათა ამთავითვე მინიმუმამდე დაიყვანონ გაუთვალისწინებელი სიტუაციები.

მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავეს და აღარც ჩავძიებივარ. ანდა რაღა იყო საკითხავი - მიუხედავად იმისა, რომ აკრედიტაციაც გვქონდა და “რია-ნოვოსტისა” და “ერთიანი საინფორმაციო ცენტრის” წარმომადგენლებიც თან გვახლდნენ, მშენებარე ობიექტების დათვალიერების წინ პასპორტებს მაინც გვიმოწმებდნენ. სიფრთხილეს თავი არ სტკივა - “ენდე, მაგრამ შეამოწმე!”

 

ბონდო მძინარაშვილი

http://geworld.net/society/1207.html