სამართალი
დაზარალებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ - შსს ახალქალაქის ინციდენტის შესახებ

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ახალქალაქში საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შტაბზე თავდასხმას გამოეხმაურა. მისი თქმით, დაზარალებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ.

მეზვრიშვილი აღნიშნავს, რომ ძალადობა დასაგმობია, თუმცა საგამოძიებო ორგანოსთან ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია.

"გამოძიებას აქვს თავისი პროცედურები იმისთვის, რომ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში კონკრეტული პირები მიეცნენ, ამისთვის საჭიროა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ამ საგამოძიებო მოქმედებებს სჭირდება დრო და გაწერილია შესაბამისი პროცედურები, რომელთა დაცვითაც ეს ყველაფერი უნდა ჩავატაროთ", - განმარტა მეზვრიშვილმა.

30 ოქტომბერს ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსს აშოტ რაისიანსა და წევრებსაბრაამ აბრაჰამიანს, ტიგრან აბრაჰამიანსა და მიშა აღბალიანს თავს დაესხნენ. როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, დაშავებულებს თავს ქართული ოცნების შტაბის 20-მდე წევრი ხელკეტებით დაესხა.

გიორგი ვაშაძის თქმით, დარბევას ქართული ოცნების დეპუტატის ენელ მკოიანის ძმა მარტუნ მკოიანი ხელმძღვანელობდა. მისივე განცხადებით, აბრაჰამიანები საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები არიან და ქართული ოცნების შტაბის წევრებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა იმიტომ მიაყენეს, რომ ცესკო-ში საჩივრები არ შეეტანათ.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239- მუხლის მეორე და მესამე ნაწილებითაა დაწყებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.

ინციდენტს გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბზე თავდასხმა მნიშვნელოვნად აბრკოლებს წინასაარჩევნო გარემოს.

ლომჯარია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, გამოძიების პროცესში შეფასება მიეცეს სავარაუდო პოლიტიკური მოტივის არსებობას და თუ საჭირო გახდება, შეიცვალოს დანაშაულის კვალიფიკაციაც.