აქტუალური
საქართველო Doing Business-ის რეიტინგში დაწინაურდა და მსოფლიოში მე-6 ადგილზეა

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველო მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა. ასეთია მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ დღეს გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის Doing Business 2019-ის მონაცემები.

ეს ქვეყნისთვის აქამდე დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებელია. შარშანდელ რეიტინგში საქართველო მე-9 ადგილზე იყო. ათეულში კი უკვე მეოთხედ მოხვდა.

ამასთან, ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველომ ნორვეგიას, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს გაუსწრო. რეიტინგში Doing Business 2019 საქართველოს 83,28 ქულა აქვს, რაც 0,48 ქულით მეტია წინა ანგარიშის მაჩვენებელზე.

შარშანდელ კვლევასთან შედარებით, საქართველომ ბიზნესის კეთება სამი მიმართულებით გააუმჯობესა – ბიზნესის დაწყება, გადასახადების გადახდა და კონტრაქტების აღსრულება.

დოკუმენტის მიხედვით, ბიზნესის დასაწყებად მინიმალური რაოდენობის - ერთი პროცედურის გავლაა აუცილებელი ახალ ზელანდიასა და საქართველოში. ამასთან, ქონების რეგისტრაციაც ერთ დღეშია შესაძლებელი, ნორვეგიის, პორტუგალიისა და შვედეთის მსგავსად.

Doing Business 2019-ის ლიდერი კვლავ ახალი ზელანდიაა. ათეულში ასევე შედიან სინგაპური, დანია, ჰონგ-კონგი, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და მაკედონია.