საზოგადოება
საოლქო საარჩევნო კომისიებში 500-მდე საჩივარი შევიდა

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს არაუგვიანეს 17 ნოემბრის სხდომაზე შეაჯამებს, საოლქო საარჩევნო კომისიებმა კი, შედეგები არაუგვიანეს 8 ნოემბრისა უნდა შეაჯამონ, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცესკო-ს ვებგვერდზე ამ დროისთვის საუბნო შემაჯამებელი ოქმების თითქმის 100 პროცენტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

„საოლქო საარჩევნო კომისიებმა არაუგვიანეს 8 ნოემბრისა უნდა შეაჯამონ არჩევნები, ხოლო არაუგვიანეს 17 ნოემბრისა, ცესკო სხდომაზე შეაჯამებს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს“, – აღნიშნა მიქელაძემ.

რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულ საჩივრებს, მიქელაძის თქმით, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში დაახლოებით 500 საჩივარი შევიდა.

„აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების უმეტესობა დღის განმავლობაში დაიწერა საუბნო საარჩევნო კომისიებში და შესაბამისად, მათი შინაარსი ანალოგიურია. საჩივრების უმეტესი ნაწილი მხოლოდ პროცედურულ ხარვეზებს ეხება და ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებაა. თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვა მოთხოვნის შემცველი საჩივრებიც შევიდა, რომლებზეც ასევე იქნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა მიქელაძემ.

მისი განმარტებით, კანონის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ორი დღის ვადაში ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელსაც საჩივრის რეგისტრაციიდან განხილვისთვის ორ დღიანი ვადა აქვს.

„საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს მისი მიღებიდან ასევე ორი დღის ვადაში განიხილავს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კი, შესაძლოა, ერთი დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც თავის მხრივ, ერთ დღეში განიხილავს საჩივარს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ