აქტუალური
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება (ვიდეო)

 საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის ცხადია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორუ ტური გაიმართება. მისი თქმით, ამ დროისთვის 1000-მდე უბნის მონაცემებია დათვლილი.

„ ამ ეტაპისთვის ცხადია, რომ მეორე ტური შედგება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე. ეს ცხადია 1000 უბნის მონაცემებიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ (ვიდეო იხ. აქ).

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018 დასრულდა. "ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს 52.3%, გრიგოლ ვაშაძეს 28.1%; დავით ბაქრაძეს 9.2%; ზურაბ ჯაფარიძეს 3.3% აქვს.

განსხვავებულია "რუსთავი 2"-ისა და "ნაციონალური მოძრაობის" ეგზიტპოლის შედეგები. ასევე სხვა მონაცემები გამოაქვეყნა "ევროპულმა საქართველომ", ამასთან ევროპელების საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ არჩევნებში დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ მეორე ტურის შემთხვევაში მხარს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერენ.

არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობდა. ეს იყო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლებმა პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიეს.