სამართალი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

 საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. ბათუმის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნო.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 52,9 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რაც მიმდინარე წლის 6 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სხეულის დათვალიერების შედეგად ამოიღეს.

სამართალდამცველებმა ირანის მოქალაქე იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.