სამართალი
სუს–ის უფროსი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს შეხვდა

 საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს - ტოივო კლაარს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი და ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი.

მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარება და იმსჯელეს უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის როლზე და ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუზღუდავი წვდომის მნიშვნელობა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებს და მოლაპარაკებების არსებული ფორმატების ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობას.