პუბლიკაციები
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დოკუმენტებით ხელში აცხადებდნენ, რომ ეკა გიგაური სავარაუდოდ მონაწილეობდა მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის ხელშეწყობაში, თუმცა დღემდე სასამართლოში არ გამოცხადებულა! - წულუკიანი

 საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დოკუმენტებით ხელში აცხადებდნენ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი, რომელსაც ყოფილი მმართველი პარტიის დროს მაღალი თანამდებობა ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სავარაუდოდ, მონაწილეობდა მშვიდობიანი მანიფესტების დარბევის ხელშეწყობაში 2007 წლის ნოემბერში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დანიაში გამართულ ანტიკორუფციულ კონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს საქმე ამჟამად საქართველოს სასამართლოში განიხილება, სადაც ეკა გიგაური დღემდე არ გამოცხადებულა პასუხების გასაცემად.

წულუკიანმა ეს განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი ონიანის გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

გიორგი ონიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მმართველი პარტია და მათ შორის თეა წულუკიანი მათ პოლიტიკურად მიკერძოებულებს უწოდებს.

„მე ვარ გიორგი ონიანი საქართველოდან და წარმოვადგენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და ასევე სამოქალაქო საზოგადოებას „OGP საქართველოს“ ფორუმის ფარგლებში.

მინდა წარმოგიდგინოთ იმის ალტერნატიული სიტუაცია, რაც მინისტრმა გაგაცნოთ. ეს არის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესში ჩართული სამოქალაქო სექტორის შეფასება, რომლის მიხედვითაც საქართველოს OGP-ის თავმჯდომარეობამ და ზოგადად ღია მმართველობის პროცესმა სრული კრახი განიცადა.

ამის მიზეზი თანამშრომლობის ნაკლებობაშია, იმაში, რომ ვერ მოხერხდა რაიმე ამბიციური ანტიკორუფციული რეფორმების გატარება. უფრო პრობლემატური კი ამ სიტუაციის სრული სურათია, სადაც ნათლად ჩანს დემოკრატიის ხარისხის პრობლემები, მაღალი დონის კორუფცია და სხვა. ეს არა მხოლოდ ქართული სამოქალაქო საზოგადოების შეფასებაა.

გასულ კვირას მსგავსი განცხადება გაკეთდა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ. უფრო პრობლემატური კი ის არის, რომ, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება ამაზე ლაპარაკობს, მმართველი პარტია თავს გვესხმის ჩვენ. არა ფიზიკურად, მაგრამ სიტყვიერად. სამწუხაროდ, მინისტრი წულუკიანიც მათ შორისაა, და ჩვენ პოლიტიკურად მიკერძოებულებს გვიწოდებს. მმართველ პარტიაში ასევე კეთდება უფრო უკიდურესი შეფასებებიც და და ჩვენ ფაშისტებსაც კი გვიწოდებენ. შესაბამისად, მე მინდა გთხოვოთ, კარგად გააცნობიეროთ და ყურადღებით მიეპყროთ საქართველოში არსებული ვითარებას. მივმართავ ასევე ყველა ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციებს, არ მისცეთ საშუალება თქვენს ხელისუფლებებს, რომლებიც ცდილობენ OGP-ის დღის წესრიგის ხელშეწყობას, რეფორმების ფასადით შენიღბონ ვითარება მაშინ, როდესაც სიტუაცია საპირისპიროა“,- განაცხადა გიორგი ონიანმა.

ონიანის საპასუხოდ თეა წულუკიანმა კონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება საკმაოდ თავისუფალია. მისივე თქმით, ისინი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არიან თავისუფლები და აქტიურები, არამედ შესაძლებლობა აქვთ, ქვეყნის საზღვრებსაც გასცდნენ და „დანიაშიც კი მისწვდნენ საკუთარ იუსტიციის მინისტრს“.

„ჩემთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, პასუხი გაგცეთ, რადგან ეს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს, არ ვუპასუხოთ მის კითხვებს ჩვენი ქვეყნის შიგნით. მადლობელი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა დანიაში მეძლევა. საქართველოში სამოქალაქო სექტორი საკმაოდ მრავალფეროვანია. ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება ორი საათშია შესაძლებელი ყოველგვარი ბარიერების გარეშე.

საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არსებობს ძალიან ნაყოფიერი ნიადაგი, რათა დაფუძნდნენ და დაიწყონ მუშაობა და აქტიურები იყვნენ სოფლებში, პატარა თუ დიდ ქალაქებში. სამწუხაროდ ჩვენ ახლა ვხდებით მოწმეები, როდესაც ერთი კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია მთელი სამოქალაქო საზოგადოების სახელით საუბრობს. რისთვისაც მას ხშირად აკრიტიკებენ საკუთარი კოლეგები, მაგრამ ეს არ არის ხელისუფლების საქმე. არასამთავრობოების შიდა დაპირისპირებების განხილვის ადგილი აქ არ არის. ის რომ ბატონი ონიანი აქ იმყოფება, სწორედაც ადასტურებს, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება საკმაოდ თავისუფალია და ნიშნავს, რომ ისინი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არიან თავისუფალნი და აქტიურნი, არამედ მათ აქვთ შესაძლებლობა, ქვეყნის საზღვრებსაც გასცდნენ და დანიაშიც კი მისწვდნენ საკუთარ იუსტიციის მინისტრს. მე ძალიან მოხარული ვარ, როცა ამას ვხედავ და ახლა დავუბრუნდები იმას, რაზედაც დასაწყისშივე ვსაუბრობდი“,- განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, მისივე თქმით, ჯერ დისკუსიაში ვერ შევა, რადგან, წულუკიანის განცხადებით, საზოგადოებამ ზუსტად უნდა გაიგოს, მონაწილეობდა თუ არა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თავმჯდომარე მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის ხელშეწყობაში.

დიახ, „OGP“-ის თანათავმჯდომარეობის დროს, ჩვენ საშუალება გვქონდა, ცხარე დებატები გაგვემართა და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს გარეთაც. მე საფრანგეთში ვსწავლობდი, სადაც მასწავლეს, რომ ყოველ კითხვაზე პასუხი სამ ნაწილად უნდა დავყო, მაგრამ ამ შემთხვევაში პასუხს ალბათ მხოლოდ ორ ნაწილად გაგცემთ. ჩემი პასუხის მეორე ნაწილში მე თავს შეიკავებ ღრმა დისკუსიაში შესვლისგან იმის გამო, რომ ცოტა ხნის წინ, საქართველოში ადგილი ჰქონდა ძალიან დიდ საზოგადოებრივ სკანდალს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელის გარშემო, რომელსაც ადრე, ყოფილი მმართველი პარტიის დროს, მაღალი თანამდებობა ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროში. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დოკუმენტებით ხელში აცხადებდნენ, რომ, ის სავარაუდოდ, მონაწილეობას იღებდა მშვიდობიანი მანიფესტების დარბევის ხელშეწყობაში 2007 წლის ნოემბერში. ეს საქმე ამჟამად საქართველოს სასამართლოში განიხილება, სადაც აღნიშნული პიროვნება დღემდე არ გამოცხადებულა პასუხების გასაცემად.

ამიტომაც ჯერ არ შემოვალ ამ დისკუსიაში, რადგან საზოგადოებამ ზუსტად უნდა გაიგოს, იღებდა თუ არა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თავმჯდომარე, რომელსაც იმ დროს პოლიციის მაღალი თანამდებობა ეკავა, მონაწილეობას მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის ხელშეწყობაში, რასაც ერთი პირის გარდაცვალება და ბევრი მოქალაქის დაშავება მოჰყვა. ეს საქართველოს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინფორმაციას დანიაში გამართული დისკუსიის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.