უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს

 საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება აქვს ჩაფიქრებული, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ სხდომაზე განაცახადა.

ვლადიმერ პუტინი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ დონალდ ტრამპი მხოლოდ საკუთარ თავს უსმენს და მოსაუბრეების მოსმენა არ სურს.

„შესაძლოა, ის ვინმესთან ასე მართლაც იქცევა, თუმცა ისინი თავად არიან ამაში დამნაშავეები“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, დონალდ ტრამპთან ნორმალური და საქმიანი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა.

„ჩვენ განსხვავებული შეხედულება გვაქვს ზოგიერთ საკითხზე, სხვადასხვა მიდგომა, თუმცა ეს ორი პარტნიორის ნორმალური დისკუსიაა“, – განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, დისკრედიტაციის მცდელობების მიუხედავად, დონალდ ტრამპთან შეხვედრები იყო უფრო პოზიტიური, ვიდრე ნეგატიური.

რუსეთის პრეზიდენტმა „ვალდაის“კლუბის სხდომაზე გამოსვლისას სირიის საკითხზეც ისაუბრა. ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, რუსეთმა სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე დასახულ ამოცანებს მიაღწია, მორიგი ეტაპი კი, სირიის კრიზისის პოლიტიკური დარეგულირებაა. მისივე თქმით, რუსეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია ტერორიზმის საფრთხის გამო დაიწყო. როგორც რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, ტერორიზმის გლობალურად დასამარცხებლად საერთო ძალისხმევაა საჭირო.

„ჩვენ ტერორიზმი მთლიანად გლობალურად არ დაგვიმარცხებია, თუმცა მას კოლოსალური დანაკარგი, ზარალი მივაყენეთ და სრულიად კარდინალურად შევცვალეთ სიტუაცია ჩვენთან, რუსეთის ფედერაციაში“, – განაცხადა პუტინმა.

1tv.ge