პოლიტიკა
ავღანეთში, ქართულ სამხედრო კონტიგენტთან ერთად, დაღუპულთა რაოდენობაც იზრდება

afhganსაქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში მესამე ქვეითი ბრიგადის 32–ე ბატალიონის ჯარისკაცი გიორგი ავალიანი მოვალეობის შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა. ნაღმზე აფეთქდნენ, ასევე, სხვა ქართველი სამხედროებიც, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, საქინფორმის წყაროს ინფორმაციით, საკმაოდ მძიმეა.

კაპრალ გიორგი ავალიანის დაღუპვის შესახებ განცხადება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, კაპრალი გიორგი ავალიანი 32–ე ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა.  ავალიანი სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა. ამასთან, აფეთქების შედეგად დაჭრილია კაპრალი ნიკოლოზ დეისაძე  და კაპრალი ედნარ აბულაძე. ისინი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ როდის მოხდება ავალიანის ცხედრის სამშობლოში გადმოსვენება და როგორია დაჭრილების მდგომარეობა, ამიტომ საქინფორმი თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს – სალომე მახარაძეს დაუკავშირდა. მახარაძე ავალიანის ცხედრის გადმოსვენების ზუსტ დროს ვერ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რათა გადმოსვენება მალე მოხერხდეს. რაც შეეხება დაჭრილებს, მახარაძე მათთან დაკავშირებით მხოლოდ იმას ამბობს, რომ დეისაძის და აბულაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათ გარკვეული მკურნალობის გავლის შემდეგ დააბრუნებენ საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა რაოდენობა უკვე ექვსამდე გაიზარდა. ავღანეთში, ავალიანის გარდა, შარშან მუხრან შუკვანი, გიორგი კოლხიტაშვილი, დავით ცეცხლაძე, ნუგზარ კალანდაძე და რამაზ გოგიაშვილი დაიღუპნენ. იზრდება სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაჭრილთა რაოდენობაც. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ავღანეთის სამშვიდობო მისიის ქართული კონტიგენტის გაზრდა იგეგმება, რაზეც პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანომ თანხმობა დღეს უნდა მისცეს.