პუბლიკაციები
CIA-მ ჰიტლერის სექსუალური ორიენტაციის შესახებ გასაიდუმლოებული მოხსენება გამოაქვეყნა

 საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. ანთროპოლოგის მიერ შედგენილი დოკუმენტი ჰიტლერის მეგობრის კვლევებს ეყრდნობა, რომელიც მოგვიანებით შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად.

გერმანიის ნაცისტური პარტიის ლიდერ ადოლფ ჰიტლერს სადომაზოხისტური მიდრეკილებები ჰქონდა და მასში ასევე შერწყმული იყო ჰომოსექსუალური და ჰეტეროსექსუალური ორიენტაციები, ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) გასაიდუმლოებულ მოხსენებაში, რომელიც უწყებამ ახლახან გაასაჯაროვა.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ახალგაზრდა ჰიტლერისთვის დამახასიათებელი იყო ჰომოსექსუალიზმისადმი გადახრები და სადომაზოხისტური მიდრეკილებები. გარდა ამისა, მას სექსუალური ლტოლვა გაუჩნდა თავისი მომავალი მოადგილის, რუდოლფ ჰესის მიმართ, როდესაც ისინი 20-იან წლებში ერთად მოხვდნენ საპატიმროში. თავის მხრივ, ჰესი ჰომოსექსუალი გახლდათ, უყვარდა ქალის სამოსში გამოწყობა და მეტსახელად „ფროილაინ ანას“ ეძახდნენ.

სადაზვერვო სააგენტოს მიერ გასაჯაროვებულ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ, გერმანიის მომავალი ფიურერი და იმხანად ახალგაზრდა მხატვარი, 1910-1913 წლებში ვენის ვაჟთა პანსიონში ცხოვრობდა, „სადაც ასაკოვანი მამაკაცები ახალგაზრდა ბიჭების საძებნელად მიდიოდნენ“.

ანთროპოლოგის მიერ შედგენილ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ჰიტლერი ორმაგი სექსუალური ორიენტაციის მატარებელი იყო.

„მისი სექსუალური ცხოვრება ისევე ორმაგია, როგორც პოლიტიკური შეხედულებები. ის ერთდროულად ჰომოსექსუალიცაა და ჰეტეროსექსუალიც, სოციალისტიცა და ნაცისტიც, მამაკაციცა და ქალიც“, — ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენება, რომელიც 70 გვერდს მოიცავს, ანთროპოლოგმა ჰენრი ფილდმა 1943 წელს შეადგინა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წინამორბედი სტრატეგიული სამსახურისთვის. დოკუმენტი ჰიტლერის მეგობრის (გასული საუკუნის 20-30-იან წლებში), ერნსტ სეჯვიკ ჰანფშტენგლის კვლევებს ეყრდნობა, რომელიც მოგვიანებით შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად.