სამართალი
ერაყის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის შვილები თბილისში ჩამოიყვანეს (ვიდეო)

 საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. ერაყიდან ჩამოსულ ბავშვებს აეროპორტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თავის შვილთან ერთად დახვდა (ვიდეო იხ. აქ).

საქართველოს 25 წლის მოქალაქის .-ს ტრაგიკული ისტორიის შესახებ იუსტიციის მინისტრისთვის ერაყში საქართველოს ელჩის გია ტაბატაძისგან ერთი წლის წინ გახდა ცნობილი.

ერაყის სასამართლოს გადაწყვეტილებით 1993 წელს დაბადებულ საქართველოს მოქალაქე . - მისჯილი აქვს უვადო პატიმრობა, ერაყის რესპუბლიკაში ბრძოლებში დაღუპული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ტერორიზმში ბრალდებული პირის მეუღლის სტატუსის გამო.

ტერორიზმში ბრალდებული პირი გარდაცვლილია, ხოლო ადგილობრივი კანონების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ბრალი მეუღლის სტატუსის ქონის გარდა სხვა არაფერში ედება, სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

ამ დაბრუნებით ჩვენ შევქმენით ბევრი დიდი ქვეყნისთვისაც კი მაგალითი, რადგან ამავე ციხეში ჩვენი მოქალაქის გვერდით ბევრი სხვა ქვეყნის მოქალაქე ქალი იხდის შვილებთან ერთად სასჯელს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბაღდადში მდებარე ერაყის ქალთა ცენტრალურ ციხეში შ.ს-სთან ერთად სასჯელს იხდიან სხვადასხვა სახელმწიფოს (რუსეთის ფედერაციის, საფრანგეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ყაზახეთის რესპუბლიკის და სხვ.) მოქალაქე ქალები შვილებთან ერთად, რომელთა რიცხვი რამდენიმე ასეულს აღწევს. მათ შორის საქართველოს მოქალაქე მხოლოდ შ.ს-ა, რომელიც დაბადებულია საქართველოში და მისი ოჯახი დღესაც საქართველოში ცხოვრობს.

სამი ბავშვის საქართველოში გადმოყვანის საკითხი საჩქარო იყო იმის გამოც, რომ ერაყის კანონმდებლობის მიხედვით, ასაკიდან გამომდინარე, მალე მათ აღარ ექნებოდათ საპყრობილეში დედასთან ერთად ცხოვრების უფლება და ადგილობრივ ბავშვთა სახლში გადაიყვანდნენ.

2018 წლის 23 მაისს ბაღდადის ქალთა ციხეში იუსტიციის მინისტრი პირადად მივიდა შ.ს-ს მოსანახულებლად და მისგან მოისმინა დასტური, რომ მზად არის, თავისი შვილები საქართველოში გამოუშვას, რისთვისაც მინისტრს დახმარება სთხოვა.

ამავე ვიზიტის დროს საქართველოსა და ერაყის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრები შეთანხმდნენ ბავშვების საქართველოში გადმოყვანასთან დაკავშირებით, ხოლო მომდევნო ეტაპზე − საქართველოს მოქალაქე შ.ს-ს სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის პერსპექტივაზე ერთობლივად მუშაობის შესახებ.

ბავშვების საქართველოში დაბრუნების ჰუმანიტარული მისიის შესასრულებლად შეიქმნა სპეციალური სამუშაო უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა იუსტიციის მინისტრი და რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სოციალური მომსახურების სააგენტო. საქართველოსა და ერაყის რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებთან ერთად .- შვილების ჩამოყვანაში ჩართული იყვნენ UNICEF-ისა და ICRC-ის ერაყის ოფისები.