საზოგადოება
მათი რეაქცია იყო ისეთივე ცინიკური, როგორიც ადრე და როგორიც ყოველთვის - დავით დონდუა ჟენევის მოლაპარაკებების 45-ე რაუნდის შესახებ

 საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. „საკმაოდ მწვავედ დავაყენეთ მოლაპარაკებებზე ბაშარულის, ოთხოზორიას და ტატუნაშვილის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულება და დამნაშავეთა დასჯა, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც დონდუამ აღნიშნა, მათი რეაქცია იყო ისეთივე ცინიკური, როგორიც ადრე და როგორიც ყოველთვის“.

ახალი არაფერი მათგან არ გაგვიგია და მოგვისმენია. მართალი გითხრათ, დიდად არც მოველოდით. კიდევ ერთხელ დაინახა ყველამ, რომ ეს საკითხები არის მნიშვნელოვანი და სანამ ამ საკითხებზე არ იქნება პასუხი გაცემული და იგულისხმება მართლმსაჯულების აღდგენა, მანამდე ძალიან ძნელია საუბარი წინსვლაზე და ძნელია საუბარი რაღაც პოზიტივებზე კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით“, - განაცხადა დონდუამ.

მისივე თქმით, ლაპარაკი იყო 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებაზეც.

დღეს ასევე ვისაუბრეთ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებაზე, რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებზე, რომლებსაც ადგილი აქვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეს არის რუსეთის სამხედრო ყოფნა, შეიარაღება, გადაიარაღება, მუდმივი სამხედრო წვრთნები, მასშტაბური წვრთნები და მანევრები, საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა და გახშირებული გატაცებები“, - განაცხადა დავით დონდუამ.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდი დასრულდა.

საქინფორმი აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ბოლოჯერ ხელმძღვანელობს საქართველოს დელეგაციას ჟენევის მოლაპარაკებებზე. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, საქართველოს პრეზიდენტმე გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა განკარგულება ელჩების დანიშვნის შესახებ ოთხ ქვეყანაში - თურქეთში, იორდანიაში, ლატვიასა და ავსტრიაში. საქართველოს ელჩად ავსტრიაში დავით დონდუა დაინიშნა, რომელიც 2015 წლიდან დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრიაში ქართველი ელჩი, აგრეთვე, გახლავთ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.