უცხოეთი
თამარ ჩუგოშვილი - რუსეთი უნდა დარჩეს ევროსაბჭოში, რათა მის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს, როგორც მექანიზმის გამოყენება შეგვეძლოს

 საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სტრასბურგში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ დაიძაბა ურთიერთობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს შორის და არის პროცესები, რომლებიც საპარლამენტო ასამბლეის წევრებს აწუხებთ.

„არავის უნდა, რომ რუსეთი გავიდეს ევროსაბჭოდან, რადგან თუ ეს ასე მოხდება, მასზე აღარ გავრცელდება სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნები. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი დარჩეს ევროსაბჭოში, რათა სტრასბურგის სასამართლოს, როგორც მექანიზმის გამოყენება შეგვეძლოს რუსეთის წინააღმდეგ. ბუნებრივია, რომ საკმაოდ დიდია ინტერესი, რომ რუსეთი იყოს საბჭოს წევრი და მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები რუსეთზე ვრცელდებოდეს, მაგრამ რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები და მათ შორის, უნდა გადაიხადოს საწევროც. ჯერჯერობით ის არღვევს ამ პირობებს და თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა, რაღაც მომენტში დადგეს მისი გარიცხვის საკითხი, თუმცა ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ რუსეთმა დაიწყოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რთული პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს და სწორედ ამ რთული ვითარებიდან გამოსვლას ცდილობდა საპარლამენტო ასამბლეა, როდესაც საპროცედურო ცვლილებებზე დაიწყო მუშაობა.

„ვფიქრობ, პროცესი წავიდა არასწორი მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ევროსაბჭომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც არ გაიტანა ის რეზოლუცია, რომელიც იყო შემოთავაზებული“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

1tv.ge