საზოგადოება
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღწეული შედეგი არის დიდი გამარჯვება საქართველოს, უკრაინისა და ყველა იმ დელეგაციისთვის, რომლებიც რეზოლუციის წარმოდგენილ პროექტს ეწინააღმდეგებოდნენ - თამარ ხულორდავა

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტის ცვლილებების შესახებ რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ავტორმა უკან გაიწვია. მისი თქმით, საქართველოს დელეგაციის აქტიურმა მუშაობამ შეუწყო ხელი, რომ მომხსენებელმა რეზოლუციის პროექტი თვითონ გაიწვია.

დღეს განიხილებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი, ჩვენთვის ძალიან არსებითი და მტკივნეული საკითხი. ვიტყვი ასევე, რომ ის შედეგი, რომელიც დადგა, არის დიდი გამარჯვება საქართველოს, უკრაინისა და ყველა იმ დელეგაციისთვის, რომელიც საპარლამენტო ასამბლეაზე წარდგენილ პროექტს ეწინააღმდეგებოდა. დოკუმენტი ითვალისწინებდა, რუსეთის მიმართ სანქციები მნიშვნელოვნად შეემსუბუქებინათ.

საპარლამენტო ასამბლეაზე ისეთი სიტუაცია იყო, ისე წარიმართა პროცესები, რომ პროექტს დიდი წინააღმდეგობა ხვდა წილად, მათ შორის საქართველოს დელეგაციის მხრიდან. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი დელეგაციის აქტიურმა მუშაობამ ხელი შეუწყო, რომ მომხსენებელმა თავად გაიწვია რეზოლუციის პროექტი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი ერთი წლის განმავლობაში ეს საკითხი აღარ დაუბრუნდება საპარლამენტო ასამბლეის განსახილველ საკითხთა სიას“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

როგორც პირველი არხი იუწყებოდა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტის ცვლილებების შესახებ რეზოლუციის პროექტი ავტორმა უკან გაიწვია. ინიციატივის ავტორი ბელგიელი პეტრა დე სუტერი იყო. მისივე თხოვნით, რეზოლუციის პროექტი კომიტეტს დაუბრუნდება. რეზოლუციის პროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება ავტორმა მას შემდეგ მიიღო, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე პროექტთან დაკავშირებით მწვავე დებატები გაიმართა. რეგლამენტის ცვლილებების დასამტკიცებლად საჭირო იყო ასამბლეის წევრთა ხმების ორი მესამედი. დეპუტატების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რეგლამენტის ცვლილებები სინამდვილეში რუსეთის დელეგაციისთვის სანქციების მოხსნას ისახავს მიზნად.

რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო ჩამოართვეს. მოგვიანებით რუსეთმა ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობაზე და საწევროს გადახდაზე უარი განაცხადა.