უცხოეთი
Meduza - რუსეთი ცხინვალში რეგისტრირებული ბანკის მეშვეობით, მინსკის შეთანხმებას არღვევს

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. „დამოუკიდებელი რესპუბლიკა, სადაც ყველაფერი მოსკოვზეა დამოკიდებული“, – ამ სათაურით რეპორტაჟს რუსული ინტერნეტგამოცემა Meduza ავრცელებს. ჟურნალისტი ილია ჟეგულევი ცხინვალში იმყოფებოდა. მისი თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ბიუჯეტი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებზეა დამოკიდებული.

Meduza-ს ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონი რუსეთის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დაახლოებით ექვს მილიარდ რუბლს (88,4 მილიონ აშშ დოლარს) იღებს.

„ეს არის იმ თანხაზე ორჯერ მეტი, რომელსაც რუსეთი ყირიმში ხარჯავს და 10-ჯერ მეტი, ვიდრე ჩრდილოეთ ოსეთზე იხარჯება“, – წერს ჟურნალისტი.

თუმცა, როგორც რეპორტაჟის ავტორი წერს, ბოლო წლებში ცხინვალის ხაზინას ძირითადად ერთი გადამხდელი ავსებს. ეს არის „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი“.

„სამი წლის წინ დაფუძნებული ბანკი მაშინვე იქცა სამხრეთ ოსეთის ყველაზე მსხვილ გადამხდელად. რითი არის გამორჩეული „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი“? სწორედ ამ ბანკით ხორციელდება ყველა ტრანზაქცია, როდესაც თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მოქმედ ბიზნესს რუსულ კომპანიებთან უნაღდო ანგარიშწორება სჭირდებათ“, – წერს Meduza.

რუსული გამოცემის ცნობით, 2016 წლიდან დღემდე ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში მოქმედი 200-ზე მეტი კომპანია ცხინვალში დარეგისტრირდა.

„ამას მარტივი ახსნა აქვს. უკრაინამ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს საბანკო ბლოკადა გამოუცხადა, რის გამოც დონბასში მოქმედი ბიზნესისა და რუსეთის დაკავშირება შეუძლებელი გახდა. Meduza-ს რამდენიმე წყარომ დაუდასტურა, რომ სამხრეთ ოსეთის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება მოსკოვის დავალებით მოხდა, რათა ცხინვალის რეგიონის დახმარებით აღმოსავლეთ უკრაინიდან ფულის გადარიცხვა მინსკის შეთანხმების დარღვევის გარეშე მომხდარიყო“, – წერს Meduza.

რუსული გამოცემის ცნობით, მოსკოვის დავალებით, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედი კომპანიები ცხინვალის რეგიონში „სპეციალური საგადასახადო რეჟიმითაც სარგებლობენ“. ისინი ე.წ. სამხრეთ ოსეთს შემოსავლების მხოლოდ ერთ პროცენტს უხდიან. 2017 წელს ამ გზით მიღებულმა თანხამ 20 მილიონი რუბლი (302 000 დოლარი) შეადგინა.

Meduza-ს სპეციალური კორესპონდენტი, რომელიც ცხინვალში იმყოფებოდა, „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრ ოლეგ ძგოევს შეხვდა. მან დაადასტურა, რომ ბანკი ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა ორმა პირმა დააფუძნა.

„საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკში“ მოსკოვთან კავშირებს უარყოფენ. ამასთან, Meduza-ს ჟურნალისტი დაუკავშირდა ანალოგიური სახელწოდების მქონე რუსული ბანკის ადამინისტრაციას, რომელმაც განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში ფილიალი არ აქვს.

„თუმცა, ცხინვალში მოქმედმა ბანკმა მოსკოვში დააფუძნა „საერთაშორისო ჰუმანიტარული პროექტების მხარდამჭერი საქველმოქმედო ფონდი“, რომლის პრეზიდენტიც 2017 წლამდე ირკუტსკის ოლქის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ პაშკოვი იყო“, – წერს Meduza.

Meduza-ს ცნობით, ვლადიმერ პაშკოვი ასევე დაკავშირებულია კიდევ ერთ კომპანია „ვნეშტორგსერვისთან“, რომელიც, გამოცემის ცნობით, ასევე მოქმედებდა ცხინვალის რეგიონში. 2017 წლის აპრილში თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა, ალექსანდრ ზახარჩენკომ მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომლითაც დონბასში მდებარე უკრაინელ ოლიგარქ რინატ ახმეტოვის კომპანიები „დროებით მმართველობაში“ სწორედ „ვნეშტორგსერვისს“ გადაეცა.

კიდევ ერთი რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ამტკიცებს, რომ „ვნეშტორგსერვისის“ რეალური მფლობელი რუსეთში გაქცეული უკრაინელი მილიარდერი და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის თანამებრძოლი ალექსანდრ კურჩენკოა.

კურჩენკოს კომპანია „გაზ ალიანსის“ კავშირი „ვნეშტორგსერვისთან“ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტშიც დააფიქსირეს და 2018 წლის იანვარში ორივე ამ კომპანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.

Meduza-ს ცნობით, ცხინვალში რეგისტრირებულმა „ვნეშტორგსერვისმა“ ფორმალურად გადასახადები ცხინვალს უნდა გადაუხადოს, თუმცა რუსულ გამოცემასთან საუბრისას ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ამ კომპანიის შესახებ არაფერი სმენია.

Meduza-ს ცნობით, „ვნეშტორგსერვისის“ სარეგისტრაციო მისამართზე ცხინვალში დღეს სასტუმრო „ალანის“ შენობა დგას, რომელიც ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც სასტუმროს აღდგენისთვის მოსკოვის მიერ მოზიდული თანხა გაურკვეველ ვითარებაში გაქრა.

1tv.ge