აქტუალური
საქართველო მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაში შესვლას ითხოვს

 საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველო მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაში შესვლას ითხოვს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

აღნიშნული ინიციატივა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ბუდაპეშტში, ტურიზმისა და ციფრული ტრანსფორმაციის საერთაშორისო კონფერენციაზე გაახმოვანა. ორგანიზაციამ აღნიშნული საკითხის განხილვა უკვე დაიწყო და საკუთარ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში განაცხადებს.

ის განვითარება, რომელსაც საქართველომ მიაღწია ტურიზმის კუთხით, უკვე აღიარებულია მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი ქვეყანა მოწინავე ადგილზეა რეიტინგებში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული სახელმწიფო", – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

კონფერენციას ესწრებოდა მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

აღმასრულებელი საბჭო UNWTO-ს ხელმძღვანელი ორგანოა. საბჭოს სრულუფლებიანი წევრობის ვადა ოთხი წელია. ყოველ ორ წელიწადში საბჭოს წევრების გადარჩევა ხდება. საბჭოში მუდმივი ადგილი აქვს ესპანეთს – ქვეყანას, სადაც განთავსებულია UNWTO-ს შტაბბინა.