აქტუალური
რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ქვაკუთხედია, განაცხადა საქართველოს პრემიერმა მოლდოვაში

 საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება - ეს გახლავთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ქვაკუთხედი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოლდოველ კოლეგა პაველ ფილიპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საერთო ინტერესების გარდა, საქართველო და მოლდოვა მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან; ორივე ქვეყანას სჭირდება ძლიერი და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით.

შეხვედრაზე განვიხილეთ რუსეთის უკანონო და პროვოკაციული ნაბიჯები, რომლებსაც ის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს. ჩვენი ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. იქ არსებული მძიმე ვითარება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ, როგორც ჰუმანიტარული კატასტროფა. ჩვენ ამავე დროს ვისაუბრეთ იმ სამშვიდობო ინიციატივების შესახებ, რომლებიც საქართველოს მთავრობას აქვს, რომ ჰუმანიტარული კატასტროფა როგორმე დავძლიოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენი მოქალაქეებისთვის შევქმნათ ახალი შესაძლებლობები. ბოლო პერიოდის განმავლობაში გვქონდა უმძიმესი შემთხვევები. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის წამება და ტრაგიკული სიკვდილი. ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აუცილებელია ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ჩამოყალიბება და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დამცველი მონიტორების წვდომა; ამავე დროს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება.

ეს გახლავთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ქვაკუთხედი. საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციას, რომ ეს ყველაფერი შესრულდეს და ამავე დროს იმისთვის, რომ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ სასტიკ დანაშაულებს სჩადიან, აუცილებლად აგონ პასუხი საერთაშორისო სამართლის წინაშე. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და სრულად ფოკუსირებული ვართ მშვიდობაზე და საქართველოს განვითარებაზე. ჩვენი ძალისხმევა მხოლოდ მტკიცე საერთაშორისო მხარდაჭერით იქნება ეფექტიანი. ამ თვალსაზრისით გაეროს ბოლო გენერალური ასამბლეა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც კიდევ ერთხელ გვქონდა საშუალება, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიგვემართა, რათა ყველას ჰქონდეს ინფორმაცია იმ რეალური სურათის შესახებ, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, – აღნიშნა პრემიერმა.