პოლიტიკა
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებას, რასაც ქვეყანამ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებით მიაღწია - ლევან იზორია

 საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პირველ არხთან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ილაპარაკა.

იზორიას თქმით, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა.

ეს არის განსაკუთრებული დემონსტრირება საქართველოს მხარდაჭერის. ეს იმ დროს, როდესაც ჩატარდა წელს ნატოს სამიტი და რამდენიმე თვეში უკვე შესაძლებლობა გვქონდა, შევხვედროდით ნატოს გენერალურ მდივანს, აშშ-ის თავდაცვის მდივანს და ჩატარებულიყო სხდომა. ეს კიდევ ერთხელ არის მკაფიო გამოხატულება იმის, რომ საქართველოს ნატოსთან მიმართებაში აქვს ძალიან მზარდი დინამიკა“, - განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, ამ კომისიის სხდომის ფარგლებში განსაკუთრებით ხაზი გაესვა წარმატებას, რასაც ქვეყანამ მიაღწია დემოკრატიული რეფორმების განხორციელებით და თავდაცვის სფეროში მიღწეული სტანდარტებით.

ეს გამოიხატა ადეკვატური შეიარაღების შეძენაში, საერთაშორისო სწავლებების მზარდ დინამიკაში, პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმების წარმატებულ განხორციელებაში. ყველა წევრმა ქვეყანამ გამოხატა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს მომავალ წელს დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლებებში, რომელიც მარტში გაიმართება.

გენერალურმა მდივანმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ თავად ჩამობრძანდეს სწავლებების ფარგლებში საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ იქნება მკაფიო დემონსტრირება, რომ პრაქტიკული თანამშრომლობის ფორმატები უფრო მასშტაბური ხდება. ეს ნატოს ქვეყნების მონაწილეობის რაოდენობაში გამოიხატება. უკვე საველე პირობებში სწავლებების მასშტაბებში გამოიხატება და იმ მიდგომაში, რასაც ჩვენ სტრატეგიული მზადყოფნა ვუწოდეთ და ეს ნატოში მოიწონეს.

ვიმსჯელეთ მომავალი თანამშრომლობის მექანიზმებზე, რაც გულისხმობს უფრო მეტ ნატოს საქართველოში, მეტ შესაძლებლობებს ერთობლივი სწავლებებისთვის და რაც აამაღლებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ქმნის რეალურ საფუძველს ნატოში გაწევრიანებისთვის.

ამ პროცესში კომისიაზე თითოეულმა წევრმა ქვეყანამ დააფიქსირა მკაფიო მხარდაჭერა იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებიც ბუქარესტის სამიტზე მიიღეს და მხარდაჭერილია წელს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა“, - განაცხადა იზორიამ.