უცხოეთი
სომხეთის პრეზიდენტის განკარგულებით, ექვსი მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. სომხეთის პრეზიდენტის განკარგულებით, პარტია „ აყვავებული სომხეთისა“ და „დაშნაკცუთიუნის„ ექვსი მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება. ნიკოლ ფაშინიანი პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდა და იქვე გადააყენა პარტია „აყვავებული სომხეთისა“ და „დაშნაკცუთიუნის“ ორი მინისტრი.

ფაშინიანმა პირობა დადო, რომ მინისტრების გათავისუფლების ბრძანების ძალაში შესვლისთანავე, თავადაც დატოვებს თანამდებობას, რათა ის შემდეგ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე აირჩიონ.

სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელმაც შესალოა, ქვეყნაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ხელი შეუშალოს. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს რესპუბლიკურ პარტიის წევრებმა, რომელსაც პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი აქვს, ასევე „აყვავებული სომხეთისა“ და „დაშნაკცუთიუნის“ დეპუტატებმა.

კანონპროექტის მიხედვით, თუ დეპუტატები რიგგარეშე სხდომის ჩატარებას არ დათანხმდებიან, სხდომა გადაიდება. კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის დათხოვნა შესაძლებელია, თუ მთავრობის მეთაური გადადგება. ამ კანონპროექტს ნიკოლ ფაშინიანი სამარცხვინოს უწოდებს და აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთში ნოემბრის დასასრულს ან დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.

1tv.ge