სამართალი
თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო დაფინანსება მცირდება, სხვა სამინისტროების - იზრდება

 საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გათვალისწინებით, 2018 წელთან შედარებით, მთავრობის ადმინისტრაციის დაფინანსება 15 მლნ 822 ათასი ლარიდან 15 მლნ 800 ათას ლარამდე მცირდება.

პროექტით, 2018 წელთან შედარებით, ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება 82 მლნ 300 ათასი ლარიდან 91 მლნ ლარამდე იზრდება.

დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წელთან შედარებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსება 1 მლნ 600 ათასი ლარიდან 2 მლნ 850 ათას ლარამდე იზრდება.

პარლამენტში მთავრობის მიერ წარდგენილი პროექტით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება 229 მლნ 550 ათასი ლარიდან 324 მლნ 750 ათას ლარამდე იზრდება, საიდანაც 14 მლნ ლარი გრანტია, ხოლო 96 მლნ 600 ათასი - კრედიტი.

2018 წელთან შედარებით, დაფინანსება ეზრდება იუსტიციის სამინისტროსაც. თეა წულუკიანის უწყების დაფინანსება 177 მლნ ლარიდან 184 მლნ 895 ათას ლარამდე იზრდება, საიდანაც 2 მლნ 100 ათასი ლარი კრედიტია.

ამასთან, დაფინანსება ეზრდება რამდენიმე უწყებას, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 120 მლნ 950 ათასი ლარიდან 127 მლნ ლარამდე იზრდება, შინაგან საქმეთა სამინისტროსი - 570 მლნ 220 ათასი ლარიდან 643 მლნ 500 ათას ლარამდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსი - 274 მლნ 765 ათასი ლარიდან 298 მლნ 100 ათას ლარამდე, საიდანაც 8 მლნ 955 ათასი გრანტია, ხოლო 17 მლნ 730 ათასი - კრედიტი.

მთავრობა დაფინანსების გაზრდას გეგმავს პრიორიტეტად დასახელებული სამი სამინისტროსთვის. კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 3 მლრდ 623 მლნ 570 ათასი ლარიდან 3 მლრდ 863 მლნ 070 ათას ლარამდე იზრდება, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსი - 1 მლრდ 461 მლნ 270 ათასი ლარიდან 1 მლრდ 485 მლნ ლარამდე, საიდანაც 38 მლნ 900 ათასი ლარი გრანტია.

დაფინანსება ეზრდება მაია ცქიტიშვილის უწყებასაც. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 139,8 მლნ ლარით იზრდება და 2019 წელს ერთი მლრდ 965 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 24 მლნ 450 ათასი ლარი გრანტია, ერთი მლრდ 62 მლნ 680 ათასი ლარი - კრედიტი. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, ლევან იზორიას უწყების დაფინანსება 802 მლნ ლარიდან 790 მლნ ლარამდე მცირდება.

ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ გასულ წელთან შედარებით თავდაცვის სამინისტროს ასიგნებების შემცირება გამოწვეულია საფრანგეთთან გაფორმებული კონტრაქტის დასრულებით, თუმცა პარტნიორებთან კონსულტაციები გრძელდება და გადამუშავებულ ვარიანტში სამინისტროს ასიგნებების კორექტირება განხორციელდება.

მთავრობამ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს უკვე წარუდგინა. რეგლამენტით, დოკუმენტს დარგების მიხედვით საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ, რის შემდეგაც გადასამუშავებლად მთავრობას დაუბრუნდება. საკანონმდებლო ორგანოს პროექტის დამტკიცება დეკემბრის მესამე პარასკევამდე, საშემოდგომო სესიის დახურვამდე მოუწევს.