აქტუალური
მამუკა ბახტაძემ და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრეს

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა აბდულა ბინ ზაედ ალ ნაჰიანმა შეხვედრაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა, ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხაზი გაესვა წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს. აღინიშნა საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოწინავე პოზიციებზე საერთაშორისო რეიტინგებში და განაცხადა, რომ მთავრობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტორების მზარდ ინტერესს მიესალმება.

შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს დავით ზალკალიანმა და აბდულა ბინ ზაედ ალ ნაჰიანმა მოაწერეს ხელი.