აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის, ჯაიმს კლაპერის განცხადებით, სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ჯარების ყოფნასთან ერთად, რეგიონში დაძაბულობას ხელს საქართველოს მიერ რუსეთის ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების მიმართ ბოლოდროინდელი ნაბიჯებიც უწყობს.
”მოსკოვის სამხედრო ყოფნა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში – სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ასევე [რუსეთის] მათთან პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირები, ამას დამატებული სტატუს–კვოსადმი საქართველოს უკმაყოფილება ხელს უწყობენ დაძაბულობას. საქართველოს საჯარო მცდელობები კავშირები დაამყაროს რუსეთის ჩრდილო კავკასიაში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებთან ასევე უწყობს ხელს ამ დაძაბულობას,” – განაცხადა კლაპერმა სენატში დაზვერვის საკითხებზე მომუშავე კომიტეტის წინაშე წარდგენილ ანგარიშში 16 თებერვალს.ანგარიში, რომელსაც აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ყოველწიურად წარუდგენს სენატს, მსოფლიო მასშტაბით საფრთხეების შეფასებას მოიცავს.
საქართველოს შიდა პოლიტიკურ მდგომარეობაზე, მოხსენებაში ნათქვამია, რომ მართალია პრეზიდენტ სააკაშვილს ჯერ ”არ მიუნიშნებია თავისი სამომავლო გეგმების შესახებ, მაგრამ ახალი კონსტიტუციის თანახმად, მას შეუძლია პრემიერ-მინისტრი გახდეს”, რომლის უფლება-მოვალეობები საგრძნობლად გაფართოვდება, როდესაც ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში 2013 წლის ბოლოსთვის, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.