აქტუალური
საქართველო-უკრაინა-მოლდოვის საპარლამენტო ასამბლეის პირველი სესია თბილისში ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება

 საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ოქტომბრის დასაწყისში თბილისში საქართველო-უკრაინა-მოლდოვის საპარლამენტო ასამბლეის პირველი სესია გაიმართება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი – საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის შექმნაში მონაწილეობის თაობაზე წარადგინა.

მისი თქმით, ერთობლივი ინიციატივის მიზანი სამმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაა.

ეს არის ჩვენი ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიზანია სამ ქვეყანას შორის სამმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები, რომლებიც არის დაკავშირებული დასავლურ ინტეგრაციასთან. ჩვენ ასევე გვაქვს საერთო გამოწვევები, რომლებიც არის დაკავშირებული ტერიტორიების ოკუპაციასთან და რუსეთთან კონფლიქტთან. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა და მნიშვნელოვანია ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება. აქ არის შემოთავაზებული პარლამენტებს შორის   თანამშრომლობისთვის ინსტიტუციური ხასიათის შეძენა, ანუ იქნება ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეა სამი ქვეყნის პარლამენტების მონაწილეობით“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამივე ქვეყნიდან იქნება წარმოდგენილი დელეგაცია 10 წევრის შემადგენლობით.

პარლამენტის დადგენილების პროექტით განსაზღვრულია ამ დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც 10 წევრისგან შედგება. დელეგაციის ხელმძღვანელია ირაკლი კობახიძე, შემოთავაზებულია სოფიო ქაცარავა, თამარ ხულორდავა, გიორგი მოსიძე, ისკო დასენი, კახაბერ კუჭავა, დავით მათიკაშვილი ფრაქციაქართული ოცნებიდან“, სერგი კაპანაძე - ევროპული საქართველო“, სალომე სამადაშვილი - ნაციონალური მოძრაობა“, გიორგი ლომია – „საქართველოს პატრიოტები“.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ უახლოეს მომავალში, ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება საპარლამენტო ასამბლეის პირველი სესია და მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, იგი თბილისში გაიმართება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.