აქტუალური
გრძელი გზა, რომელიც ნატოსკენ მიდის...

 საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ნატოს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოსთან, საქართველო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტემიულერმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ალიანსი მადლიერია კონტრიბუციისთვის, რომელიც საქართველოს ნატოს მიერ წარმოებულ ოპერაციებში შეაქვს.

პარტნიორებიდან თქვენ ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ხართ. ჩვენ ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული დეკლარაციის. ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველო იქნება ნატოს წევრი და მინდა, ახლა ეს სიტყვები თქვენც გითხრათ. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, გაწევრიანების გზაზე ნაბიჯები კიდევ არის გადასადგმელი, მაგრამ ნატოს პოზიცია ძალიან მყარია და ნათელი, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ.

ამასთან, მისი თქმით, ნატოს წინაშე გამოწვევებია, მაგალითად, ის, რაც 2014 წელს უკრაინაში მოხდა.

ასევე, ჩვენ ვამბობთ, რომ ნატოს წინაშე გამოწვევები დგას. თქვენ კარგად იცით ამის შესახებ. პირველ რიგში, რაც 2014 წელს მოხდა უკრაინაში, რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და დონბასში სიტუაციის დესტაბილიზაცია. დღემდე გვიწევს შედეგებთან და კრიზისთან გამკლავება“, – განაცხადა როუზ გოტემიულერმა.

მისი განმარტებით, კრიზისი გაცილებით ადრე დაიწყო და საქართველოზე უკეთ ეს არავინ იცის.

ეს იყო 2008 წლის აგვისტო, რასაც მოჰყვა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უკანონოდ აღიარება .. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ჩვენ მტკიცედ გიჭერთ მხარს და ვამბობთ, რომ რუსეთმა უნდა გაიწვიოს ეს გადაწვეტილება, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – განაცხადა სტუდენტებთან შეხვედრაზე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში როუზ გოტემიულერი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ლელა ჩიქოვანს შეხვდა. ასევე, გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დავით დონდუასთან, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.