რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: აგენტობიდან - პრეზიდენტამდე?! სააკაშვილის პარტიამ ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ჯაშუშურ მეთოდებს მიმართა!

 ომი 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა დაიწყო, დაადასტურეს მაილსმა, მაკკეინმა და ტალიავინიმ - რა იცის მთელმა საქართველომ და „არ იციან“ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესმა მღვდელმთავრებმა

 

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართება, თვე და რამდენიმე დღე დარჩა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ნატოში შესვლის უპერსპექტივობასთან დაკავშირებით, რაც დაადასტურა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისში ვიზიტის დროს, მმართველი პარტიის კონკურენტმა - სააკაშვილის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - ხელისუფლებისათვის პოლიტიკურ ბრძოლაში მთავარი აქცენტი საგარეო პოლიტიკიდან საშინაოზე გადაიტანა. საღად შეაფასეს რა საკუთარი შანსი, ნაციონალებმა დაასკვნეს, რომ შექმნილ ვითარებაში „ქართული ოცნების“ კვლავაც დადანაშაულება კრემლისადმი მონურ მორჩილებაში და ევროატლანტიზმის ღალატში კონტრპროდუქტიულია, იმიტომ რომ ძალიან არადამაჯერებლად ჟღერს და არჩევნებზე გამარჯვებისთვის დივიდენდებს არ მოიტანს. ამიტომ სააკაშვილის პროპაგანდისტული რუპორით -  „რუსთავი 2“-ით და 10 ბუტაფორიული პარტიისაგან შემდგარი კოალიციით შეიარაღებულ ენმ-ში გადაწყვიტეს ნაცადი მეთოდის გამოყენება - ხელისუფლების კორუფციაში დადანაშაულება.

შეგახსენებთ, რომ 2003 წელს, შევარდნაძის ხელისუფლების კორუფციაში მხილების წყალობით, ენმ&“რუსთავი 2“-მა წარმატებით განახორციელეს ძალაუფლების რეიდერული ხელში ჩაგდება „ვარდების რევოლუციად“ წოდებული „ფერადი“ სახელმწიფო გადატრიალების გზით.

ენმ-ში, როგორც ჩანს, გაითვალისწინეს 2012 წლის მწარე გაკვეთილები, როცა მათ საქართველოს ციხეებში მასობრივი არაადამიანური წამების შესახებ გამოქვეყნებული ფარული ვიდეოჩანაწერებით აღშფოთებული ქართველი ხალხის ზეწოლის ქვეშ მოუხდათ, ხელისუფლება „ქართული ოცნებისთვის“ დაეთმოთ. ენმ-ში არც ის დავიწყებიათ - რა ძვირი დაუჯდათ: ბიზნესმენების დარეკეტება, რომლებსაც წამებით ართმევდნენ საკუთრებას და ბიზნესს; მედიის ტერორი, მაგალითად, ბადრი პატარკაციშვილის „იმედის“ და ზაზა ოქუაშვილის „იბერიას“, რომლებმაც ოპოზიციური სარედაქციო პოლიტიკის გატარება გაბედეს. ამიტომ „ფარული ჩანაწერებით დადასტურებული ხელისუფლების კორუფცია, ბიზნესის სახელმწიფო რეკეტი და მედიის ტერორი, როგორც მოსახლეობის უმძიმესი სოციალური მდგომარეობის მიზეზები“ დღეს ნაციონალების წინასაარჩევნო ტაქტიკის მთავარი არგუმენტები გახდა. და ამ ფეიკ-პროპაგანდამ უკვე დაიწყო ნაყოფის გამოღება PR-ტექნოლოგიების სფეროში დღევანდელი ხელისუფლების სრული უსუსურობის და სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკის უქონლობის ფონზე.

აი, რატომ არის, რომ სააკაშვილი - „კაგებეს“ აგენტ გიული ალასანიას შვილი და ბიძის - გაეროში მომუშავე საბჭოთა დიპლომატ თემურ ალასანიას აღზრდილი, აგრეთვე სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი, 2011 წლამდე რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძე საქართველოში პროდასავლურ პოლიტიკოსებად ითვლებიან, ხოლო პრორუსულს ეძახიან საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს, 2018 წლის სექტემბრამდე საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა, ქართველი მენშევიკებისა და ემიგრანტების ოჯახში, რომლებიც 1921 წელს ბოლშევიკებს გამოექცნენ!

მეტიც - იქმნება შთაბეჭდილება, რომ მმართველი პარტია თვითონ ამარაგებს ოპოზიციას თავისთვის უკიდურესად წამგებიანი თემებითა და ფაქტებით, რომლებსაც შემდეგ „რუსთავი 2“ საზოგადოებას ენმ-სთვის მომგებიანი ინტერპრეტაციით აწვდის. შედეგად ზომბირებული, სახელისუფლებო პარტიაზე გულაცრუებული მოქალაქეები, სხვა ალტერნატივის არარსებობის გამო, ენმ-ს სტაბილურ ელექტორატს ავსებენ. მითუმეტეს, როცა მრევლს ამისკენ უბიძგებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოების ნაწილი, რომელიც, პრაქტიკულად, მოქმედი ხელისუფლების რადიკალურ ოპოზიციაში გადავიდა და ეს უკანასკნელი მარაზმში დაადანაშაულა.

ოპოზიციისკენ იხრებიან ისეთი ტრადიციულად არასტაბილური კატეგორიებიც, როგორიცაა, მაგალითად, არაქართველი მოსახლეობა, რომელსაც ახალი ხელისუფლების დროს არა და არ ეღირსა, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებში იყოს წარმოდგენილი (მიუხედავად იმისა, რომ ეგრეთ წოდებული ეროვნული უმცირესობები საქართველოს მოსახლეობის ერთ მეოთხედზე მეტს შეადგენენ), აგრეთვე ბიზნესმენები, რომლებისთვისაც ნებისმიერი ხელისუფლების დროს მთავარი კრიტერიუმი იყო და არის მათი ბიზნესის სტაბილურობა და როგორც ქურდული სამყაროს, ისე სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან რეკეტისაგან დაცულობის გარანტიები.

ლიტონი სიტყვები რომ არ გამომივიდეს, მოვიტან ბოლო ორი კვირის მხოლოდ რამდენიმე გახმაურებულ სკანდალს, რომლებიც ზემოთ ნათქვამს ადასტურებს და რომლებიც ოპოზიციას თამამად შეუძლია, თავის აქტივში ჩაიწეროს.

პარლამენტში მოულოდნელად შეტანილმა კანონპროექტმა საქართველოში მარიხუანას ლეგალიზაციის - მისი ექსპორტზე გატანის და ფარმაცევტული და კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების მიზნით კულტივაციის შესახებ, არა მხოლოდ მოუმზადებელი ქართველი საზოგადოების (ენმ-ს სასიხარულოდ!), არამედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მკვეთრი პროტესტიც გამოიწვია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესმა სასულიერო იერარქებმა დაივიწყეს ამასწინანდელი უთანხმოება ილია მეორის ციანიდით მოწამვლის მცდელობის სკანდალური საქმის ირგვლივ და ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ინიციატივის წინააღმდეგ. ეპისკოპოსები 500 ათასი მოქალაქის ქუჩაში გამოყვანით დაიმუქრნენ, თუ მთავრობა პარლამენტიდან არ გაიწვევს „ნარკოკარტელების დამკანონებელ“ კანონპროექტს. „რა თქმა უნდა, ეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ნამოქმედარია, რომელიც საქართველოში ბიტკოინების წარმოების შემდეგ მარიხუანას წარმოებას მოჰკიდებს ხელს! განა ტყუილად დაუჭირა მხარი მისმა შვილმა, რეპერმა ბერამ თავის კლიპში მარიხუანას დეკრიმინალიზაციას!“ - ამგვარი აზრი ჩამოუყალიბეს არაინფორმირებულ ადამიანებს და მათი გადარწმუნება მეტად ძნელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ამავე დროს არც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, არც სამოქალაქო საზოგადოებამ, არც პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა, არანაირი რეაქცია არ მოახდინეს იგორ გიორგაძის მიერ პარალელურად გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე, რომლებიც თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში ცოცხალ ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარებაზე და ბაქტერიოლოგიური იარაღის წარმოებაზე მოწმობს, რაც, თუ ამ დოკუმენტების ნამდვილობა დადასტურდა, შეუდარებლად უფრო საშიშია, ვიდრე ნებისმიერი ნარკოტიკები ერთად აღებული! ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება ნებაყოფლობითია, მაშინ, როცა ბაქტერიოლოგიური იარაღი ადამიანებს მასობრივად, განურჩევლად, მათი სურვილის გაუთვალისწინებლად ანადგურებს!

ამ ტალღაში „მოიჭყლიტა“ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც, რომელსაც სახელისუფლებო პარტია უჭერს მხარს. გავლენიანმა მეუფეებმა თავიანთ ქადაგებებში მოუწოდეს მრევლს, მხარი არ დაუჭირონ მის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე, „მარიხუანას დედოფალი“ უწოდეს და დაგმეს იმ განცხადების გამო, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო და არა რუსეთმა. და უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რომ მმართველი პარტიის ოფისში პარიზელი ქალბატონისათვის ჩატარებული შეგონების შემდეგ მან თავისი პოზიცია შეასწორა - ენმ&“რუსთავი 2“ შეეცადნენ, რომ ამომრჩეველს დაემახსოვრებინა პირველი წამგებიანი მესიჯი, მითუმეტეს, რომ ორიგინალური საპროგრამო გზავნილები ამომრჩევლებს მისგან ჯერ არ მოუსმენიათ. ნუთუ სახელისუფლებო პარტიაში ზურაბიშვილს არავინ ურჩია, იგივე ეთქვა, მაგრამ სხვა დროს, სხვა კონტექსტში, და არა სკანდალებზე მონადირე ჟურნალისტებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისში?! ნუთუ არ უკარნახეს, რომ საკუთარი სიტყვების უკან წაღება კიდევ უფრო კონტრპროდუქტიულია, იმიტომ რომ ამით ზურაბიშვილმა იმედი გაუცრუა ყველას, ვინც გაბედულებისთვის და სიმართლისთვის გულში იწონებდა? სიმართლე კი ერთია: ომი 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა დაიწყო, რაც რიჩარდ მაილსმა, ჯონ მაკკეინმა და ჰაიდი ტალიავინიმ დაადასტურეს, თუმცა ეს ისედაც მთელმა საქართველომ იცის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გავლენიანი წევრების  - ბოდბის პოლიტ-მიტროპოლიტ იაკობისა და ჭყონდიდის პოლიტ-მიტროპოლიტ პეტრეს გარდა!

დღეს ზურაბიშვილისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა - თუკი მისი მისამართით ტოტალური, ობიექტური თუ არაობიექტური კრიტიკის შედეგად ხალხს შეეცოდება სალომე, როგორც სუსტი სქესის წარმომადგენელი, რაც პრეზიდენტობის კანდიდატისათვის კატეგორიულად უკუნაჩვენებია.

დაბოლოს, სამი სკანდალი, რომლებიც ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიერ გამოქვეყნებულმა ფარულმა აუდიოჩანაწერებმა გამოიწვია.

9 სექტემბერს „რუსთავი2“-მა გაავრცელა სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელშიც სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ესაუბრება ზემოთ ნახსენებ ზაზა ოქუაშვილს - კორპორაცია „ომეგა ჯგუფის“ და მასში შემავალი ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელს. საუბარში, ვითომდა, იგულისხმება ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი - ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი, რომელმაც თითქოს „ომეგა ჯგუფის“ პრობლემების მოგვარება იკისრა და ამისთვის 2 მილიონი დოლარი მოითხოვა. მანამდე კი, 7 სექტემბერს, ტელეკომპანია „იბერიამ“ გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომლის თანახმად მას დაფინანსების ძირითადი წყარო გადაუკეტეს, რამაც ქართველ საზოგადოებაში მაშინვე დეჟავიუ გამოიწვია - სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ტერორი, კერძოდ, ანალოგიური ვითარება „იბერიაში“, როცა იქ მერაბიშვილის სპეცნაზი შეიჭრა და ტელეკომპანია დაიხურა.

სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილი და მისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი არანაირად არ არიან დაინტერესებული მესამეხარისხოვანი ტელეკომპანიის „შეწერვით“ - ივანიშვილს ისედაც აქვს ტელეკომპანია GDS, და კიდევ, მან საკუთარი ტელეკომპანია TV9 დახურა, როცა ის პოპულარობის პიკზე იყო. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ომეგა ჯგუფის“ ქონება მის მიმართ ინკასოს გამოყენებით დააყადაღა იმიტომ, რომ კორპორაციაში შემავალ თამბაქოს მწარმოებელ „Omega Group Tobacco“-ს სახელმწიფოს წინაშე 51,7 მილიონი ლარის (დაახლოებით 19,7 მილიონი დოლარი) დავალიანება ჰქონდა, რომლის ძირითად ნაწილს თამბაქოს ნაწარმის გადაუხდელი აქციზები შეადგენს. თუმცა, „ომეგა ჯგუფის“ საბანკო ანგარიშების დაყადაღების შემდეგ „იბერიამ“ განაცხადა „საქართველოში სიტყვის თავისუფლების დარღვევის და ტელეკომპანიის ძალადობით წართმევაში ხელისუფლების დაინტერესების შესახებ“, რაც მოსალოდნელიც იყო.

აი, ასეთი „ბოლით“ გაივსო დღეს ქართული პოლიტიკა და უკვე ვეღარავინ არჩევს, ეს კანაფის კვამლია თუ თამბაქოსი... „სიუჟეტის გასამწვავებლად“ მკითხველს შევახსენებ, რომ ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატია პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ სიით, ხოლო მისი მეუღლე ნატო ჩხეიძე - საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ამავე პარტიის სიით, რომელიც პარლამენტში, ჩხეიძის ჩათვლით, 6-კაციანი ფრაქციით არის წარმოდგენილი. ასევე შეგახსენებთ, რომ ნატო ჩხეიძე ერთ-ერთია „პატრიოტთა ალიანსის“ დელეგაციის იმ სამი წევრიდან, რომლებიც რამდენჯერმე გაემგზავრნენ მოსკოვში სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციის და თანამემამულეებთან კავშირის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარესთან ლეონიდ კალაშნიკოვთან შესახვედრად. თუმცა მათი პიარპროექტი - დაებრუნებინათ საქართველოსთვის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, აგრეთვე შეექმნათ სამმხრივი ფორმატი რუსეთი-ნატო-საქართველო და დაერწმუნებინათ რუსეთი, რომ საქართველოს ნატოში შესვლა მის წინააღმდეგ არ არის მიმართული, თავიდანვე ჩავარდნისათვის იყო განწირული.

მკითხველებს იმასაც შევახსენებ, რომ ლევან ყიფიანი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს აუდიოჩანაწერი გაყალბებული მონტაჟია, პირველად როდი გაეხვა სკანდალში ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით. როცა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ადრინდელმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა სასამართლო დავა დაიწყო ტელეკომპანიის საკუთრებაში დაბრუნების მიზნით (რომელიც არაადეკვატურად დაბალ ფასად „შეაწერეს“ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს და მისივე დავალებით), „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ლევან ყიფიანი სთავაზობდა ტელეკომპანიის პრობლემების „მშვიდობიანად“ მოგვარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ გაასაჯაროებდა ან სააკაშვილთან გვარამიას საუბრების აუდიოჩანაწერს, რომელშიც ლაპარაკი იყო პროვოკაციაზე სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად, ან ფარულ ვიდეოგადაღებას, რომელიც ადასტურებს, რომ გვარამია არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისაა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ „რუსთავი 2“-ის ანგარიშები ასევე საგადასახადო ინკასოთი იყო დაყადაღებული სახელმწიფოსათვის რამდენიმე მილიონის გადაუხდელობის გამო - ტელეკომპანია „იბერიას“ დღევანდელი ვითარების ანალოგიურად!

 ეს საქმე თეთრი სახლის მიერ „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერად გაკეთებული აღშფოთებული განცხადებებით და სტრასბურგის სასამართლოს მიერ კანონიერი მფლობელისათვის „რუსთავი 2“-ის დაბრუნების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გამოტანილი გადაწყვეტილების შეჩერებით დამთავრდა. ისტორია მეორდება - ტელეკომპანია „იბერიას“ მხარდასაჭერად დღეს უკვე გააკეთა განცხადება საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.

მეორე სკანდალმა პირველის კვალდაკვალ იფეთქა - 13 სექტემბერს „რუსთავი 2“-მა გაასაჯაროვა ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი ერთ რუს ბიზნესმენთან, რომელმაც, როგორც ამტკიცებს, მერს და მის მოადგილეს გია გულორდავას მიწის ნაკვეთის დაკანონების სანაცვლოდ ქრთამი მისცა, თუმცა გოგია-გულორდავამ თავიანთი დაპირება არ შეასრულეს. არა მგონია, სამეგრელოს რეგიონი შემთხვევით ყოფილიყო შერჩეული, თუ გავითვალისწინებთ სააკაშვილის და მისი მეუღლის სანდრა რულოვსის პოპულარობას საქართველოს ამ, აფხაზეთის მოსაზღვრე კუთხეში, რომლის მკვიდრები - ახალაიების ოჯახი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვა „სახეები“ რევანშისტულ გეგმებს აწყობენ. და მათ ასრულება უწერია, თუკი პრეზიდენტად ენმ-ს კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს აირჩევენ, რომელიც მეორე დღესვე შეიწყალებს სააკაშვილს, ახალაიას, მერაბიშვილს და დანარჩენებს.

და ბოლოს, მესამე სკანდალი, რომელიც პირველის გაგრძელება გახდა: „რუსთავი 2“-მა გაასაჯაროვა, როგორც ირწმუნება, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესმენის - კომპანია „თბილთამბაქოს“ მფლობელის, მილიონერ ვანო ჩხარტიშვილის (ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი კომპანიონის, რომელმაც მილიარდერის სიკვდილის შემდეგ ლონდონის სააპელაციო სასამართლოში მის ოჯახთან საქმე წააგო) საუბრის აუდიოჩანაწერი „ომეგა ჯგუფის“ მფლობელთან, ზემოხსენებულ ზაზა ოქუაშვილთან. ჩხარტიშვილი თთ-ს აქციონერ ირაკლი ჩუბინიშვილთა(რუსეთში საქართველოს ყოფილ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან) ერთად, ვითომდა, აიძულებს ოქუაშვილს, უარი თქვას უზარმაზარი საგადასახადო დავალიანების მქონე კომპანია Omega Group Tobacco-ს მიერ წარმოებული სიგარეტის რეალიზაციაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ და „ბიჭების“ სასარგებლოდ, რომლებშიც, კერძოდ, ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი იგულისხმება. თუმცა ოქუაშვილი და ჩუბინიშვილი ამტკიცებენ, რომ ეს აუდიოჩანაწერი გაყალბებულია, საუბარი შედგა თავად ოქუაშვილის ინიციატივით და მასში ლაპარაკია არა სხვისი ბიზნესის მითვისებაზე, არამედ, პირიქით, ქართული თამბაქოს მწარმოებლების გადარჩენაზე, რომლებიც დემპინგური ფასების გამო კონკურენციას ვერ უწევენ უცხოურ იმპორტს. და საერთოდ, ეს საუბარი დღეს კი არა, გასულ, 2017 წელს შედგაო.

„რუსთავი 2“ ასევე ავრცელებს სქემის სქრინშოტს, რომელიც, თითქოს, ადასტურებს სახელმწიფო რეკეტს - სიგარეტის წარმოებასა და დისტრიბუციაში წილების გადანაწილებას, კერძოდ: ჩხარტიშვილმა და ჩუბინიშვილმა შესთავაზეს ოქუაშვილს კომპანია „ახალი ომეგას“ შექმნა, რომელიც OGT-ს (მფლობელი ოქუაშვილი) და თთ-ს (ჩხარტიშვილი) თამბაქოს ნაწარმის დისტრიბუციას მოახდენს, გაყიდვიდან მიღებული მოგების 50%-ს მიიღებს პარტია „ქართული ოცნება“ რაღაც „ფონდის“ სახით, ხოლო 25-25%-ს OGT და თთ. გარდა ამისა, «რუსთავი 2“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ 25%-დან 7-7% „ბიჭებს“ ანუ უჩა მამაცაშვილს, ეკონომიკის ექსმინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს (ვითომდა მეტსახელად „მისტერ 10 პროცენტს“) და საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს უნდა გადაუხადონ.

პარადოქსია - სახელმწიფო რეკეტის და „პარტიულ ფონდში“ სახსრების ძალადობით გადარიცხვის ბრალდებებს დღეს ხელისუფლებას სააკაშვილის თანამებრძოლები უყენებენ, რომელთა 9-წლიანი მმართველობის დროს მსგავსი რამ კანონის რანგში აყვანილი ჩვეულებრივი, მასობრივი პრაქტიკა იყო. ღამით, ციხის საკნებში, ლოგინიდან წამოგდებული ნოტარიუსის თანდასწრებით, ათასობით ბიზნესმენი „ნებაყოფლობით“ რიცხავდა ასობით მილიონს გენერალური პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცანგარიშებზე, აგრეთვე „უანგაროდ“ უფორმებდნენ ქონებას და ბიზნესს მაღალი რანგის ჩინოვნიკების ნათესავებს!

მკითხველს ტექნიკური დეტალებით და კიდევ ერთი, გასულ პარასკევს გავრცელებული აუდიოჩანაწერის აღწერით აღარ დავღლი, რომელიც ასევე „ომეგა ჯგუფს“ უკავშირდება. მნიშვნელოვანია შედეგი - ხელისუფლებამ იძულებით გაიწვია პარლამენტიდან კანონპროექტი მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ, ხოლო სააკაშვილის პარტია ირგვლივ იკრებს ხელისუფლებით უკმაყოფილოებს, მათ შორის - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს მღვდელმთავრებს. ოქუაშვილის მეუღლემ ნატო ჩხეიძემ დატოვა პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ და მისი საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“, რომელშიც 5 დეპუტატი დარჩა, რაც ფრაქციის არსებობისთვის საკმარისი არ არის, ხოლო თუ ის დაიშლება, ფრაქციის თავმჯდომარე, პარტიის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობას დაკარგავს.

ბედის ირონიით სწორედ ირმა ინაშვილმა - ჟურნალისტმა, ტელეკომპანია „ობიექტივის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა - 2012 წელს სიცოცხლის რისკის ფასად  ევროპაში გაიტანა და გაავრცელა საქართველოს ციხეებში წამების ფარული ვიდეოჩანაწერები, რაც იმავე წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილის პარტიის ფიასკოს ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი გახდა!

რაც შეეხება ნატო ჩხეიძეს, მისი მეუღლე ზაზა ოქუაშვილი მომავალი მოწვევის პარლამენტშიც უყიდის სავარძელს, როგორც ეს „მოქალაქეთა კავშირის“ დროიდან მოყოლებული ხდებოდა. პარტია „პატრიოტთა ალიანსს“ დატოვებს თავად ზაზა ოქუაშვილიც და აჭარის უზენაეს საბჭოში „დამოუკიდებელ“ დეპუტატად დარჩება, ისევე, როგორც მისი მეუღლე - საქართველოს პარლამენტში ფრაქციიდან გამოსვლის შემდეგ. სინამდვილეში კი ცოლ-ქმარი, პრაქტიკულად, უკვე გადავიდა სააკაშვილისეულ ოპოზიციურ ბანაკში თავისი კორპორაცია „ომეგა ჯგუფით“, თავისი აქტივებით და ტელეკომპანია „იბერიათი“, და აგიტაციას უწევენ არა „პატრიოტთა ალიანსს“, არამედ ენმ-ს.

P.S. „ნუთუ „ნაციონალებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სტრუქტურებში თავიანთი ემისრები შემორჩათ, რომლებიც „რუსთავი 2“-ს გადასცემენ მობილური ტელეფონებით ფარულად მოსმენილი საუბრების ჩანაწერებს?!“ - სამართლიანად იკითხავს მკითხველი. გიპასუხებთ: საქართველოს შსს-ს და სუს-ს სათავეში უდგანან ხელმძღვანელები, რომელთა ხელში ინფორმაციის ჯაშუშური გაჟონვა გამორიცხულია - გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური დღევანდელი ხელისუფლების მცირერიცხოვან წარმატებულ წარმომადგენლებს მიეკუთვნებიან, ისევე, როგორც თბილისის მერი კახი კალაძე. როგორც ჩანს, ეს ფარული მოსმენა არ ყოფილა - „სახელმწიფო რეკეტის მსხვერპლნი“ წინდახედულად თვითონვე იწერდნენ საკუთარ საუბრებს, რათა შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის გადაეცათ ხელისუფლების დისკრედიტაციის და დაშანტაჟების მიზნით, გადასახადების გადაუხდელობის გამო პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში (რომელთა გადახდას, როგორც ჩანს, არც აპირებდნენ). მაგრამ ყველა ქართული მედიასაშუალება დუმს იმაზე, რომ მილიონერები - გადასახადების ურჩი გადამხდელები - ამით სახელმწიფო ბიუჯეტს ძარცვავენ, ანუ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას, რომლებიც გაჭირვებას განიცდიან!

 

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 24 სექტემბერი
საქართველო, თბილისი