პუბლიკაციები
არა ფობიას! - ჭყონდიდის მიტროპოლიტის სალომე ზურაბიშვილისადმი განცხადება ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებს სცილდება და ქსენოფობიური, ანტიკათოლიკური კონოტაცია შეიძინა

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. ჭყონდიდის მიტროპოლიტის სალომე ზურაბიშვილისადმი განცხადება ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებს სცილდება და ქსენოფობიური, ანტიკათოლიკური კონოტაცია შეიძინა” -

პლატფორმა არა ფობიას!“ ხელმომწერი ორგანიზაციები 17 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის ეთერში ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებულ განცხადებას განცხადებით ეხმაურებიან. 

„სასულიერო პირმა, საეკლესიო მსახურების შემდეგ, ამბიონიდან, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების შეფასებისას განაცხადა, რომ მე-18, მე -19 საუკუნეებში ფრანგი მისიონერები მოტყუებით ქადაგებდნენ კათოლიციზმს, ხოლო საქართველოში კათოლიკე მოსახლეობას, მათი თანამედროვეები გაუკუღმართებულ და წამხდარი აზროვნების მქონედ მიიჩნევდნენ. ამ ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია მეუფე პეტრემ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

მეუფე პეტრე, ჭყონდიდის მიტროპოლიტი: „ძალიან საინტერესო სიტყვაა ქართულ ლექსიკონში – „დაფრანგული“ და იცით, საიდან იღებს სათავეს? მაშინ, როდესაც მე-18-19 საუკუნეში ჩამოვიდნენ ფრანგი მისიონერები, რომლებიც კათოლიკურ სარწმუნოებას ქადაგებდნენ, ატყუებდნენ ქართულ მოსახლეობას, რომ თითქოს ფილოსოფიას ასწავლიდნენ. მათ ქართველმა ხალხმა დასავლეთში, გურიაში, სამეგრელოში „ფრანგული“, „დაფრანგული“ უწოდა, ანუ გაუკუღმართებული, წამხდარი მათ აზროვნებას. და აი, ჩვენ „დაფრანგული“ ქალბატონი თავისი „დაფრანგული” აზროვნებით ვერ მოგვიტანს კეთილდღეობას“.

მიგვაჩნია, რომ სასულიერო პირის მხრიდან პოლიტიკოსის მიმართ გაკეთებული განცხადება სცილდება ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებს და ქსენოფობიური და ანტიკათოლიკური კონოტაცია შეიძინა, რაც შეურაცხყოფს კათოლიკე ეკლესიასა და მის მრევლს, რადგან რელიგიური და ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციული ხასიათისაა.

ასევე, გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ მედიის პასუხისმგებლობის საკითხზეც. მსგავსი ქსენოფობიური განცხადებების უკრიტიკოდ, სარედაქციო კომენტარის გარეშე გაშუქება, რომელშიც მკაფიოდ იქნება აღნიშნული განცხადების დისკრიმინაციული ბუნება არ შეესაბამება მაღალ პროფესიულ სტანდარტებს და ეთიკურ ჟურნალისტიკას.

მოვუწოდებთ: ერთი მხრივ, სასულიერო და სხვა საჯარო პირებს, თავი აარიდონ ისეთი განცხადებების გაკეთებას, რომლებიც ადამიანების რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციას ახდენს; მეორე მხრივ, მედია საშუალებებს, საჯარო პირების მიერ გაკეთებული ქსენოფობიური ან სხვა სახის დისკრიმინაციული განცხადებების ტირაჟირებისას, მკაფიოდ აღნიშნონ, რომ ასეთი კომენტარი შესაძლოა გარკვეული ჯგუფების დისკრიმინაციას ახდენდეს“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები: მედიის განვითარების ფონდი (MDF); ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); საფარი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) და საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS).