აქტუალური
საქართველოში პედაგოგების ხელფასი 1500 ლარამდე გაიზრდება

 საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. სკოლის მასწავლებლების საშუალო ხელფასს 2020 წლისთვის მინიმუმ 1500 ლარამდე გაზრდიან, განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

დღეისათვის საჯარო სკოლის პედაგოგის ხელფასი 1000 ლარს შეადგენს.

ხელფასების გაზრდა საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმის ფარგლებშია გათვალისწინებული. პარასკევს აღნიშნული ინიციატივა ბატიაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააჟღერეს.

2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში მომატებულ ხელფასს დაახლოებით 10 000 მასწავლებელი მიიღებს, მათ შორის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მომუშავე პედაგოგები.

2019-2021 სასწავლო წლებში ხელფასები გაეზრდებათ ასევე სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს, აგრეთვე პედაგოგების კიდევ ერთ ნაწილს.

2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500 ლარს მიაღწევს, ხოლო უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის — 2000 ლარს და მეტს.

საქართველოში პედაგოგებს ხელფასი ბოლოს 2017 წლის 1 იანვარს გაეზარდათ. ამჟამად მენტორ-მასწავლებელი იღებს 1100 ლარს, წამყვანი მასწავლებელი — 965 ლარს, უფროსი მასწავლებელი — 800 ლარს, პრაქტიკოსი მასწავლებელი — 600 ლარს.