საზოგადოება
საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი აცხადებს, რომ მარიხუანას კულტივაცია და შემდგომ ექსპორტი მიუღებელია

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ გიდოვი აცხადებს, რომ მარიხუანას კულტივაცია და შემდგომ ექსპორტი მიუღებელია.

იგიდოვი განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება მომავალი თაობისთვის დამაზიანებელი იქნება. მით უმეტეს, ახალგაზრდებში უმუშევრობის მაღალი დონის ფონზე.

გარდა ამისა, მუსლიმთა სამმართველოს შეიხი აცხადებს, რომ მარიხუანას ექსპორტი საქართველოს მსოფლიოში იმიჯს შეულახავს და არ არის სასურველი, რომ საქართველო ნარკოტიკთან ასოცირდებოდეს.

რამინ იგიდოვის თქმით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო გეგმავს, მიმართოს ყველა სახელწიფო ორგანიზაციას, რომ თავი შეიკავონ მსგავსი გადაწყვეტილებისგან.

მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა, მთავრობის სხდომაზე განიხილეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ​ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.