აქტუალური
ზურაბიშვილი - 48: ცესკო-ში პრეზიდენტობის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრეს

 საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. ცესკო-ში 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რიგითი ნომრები განისაზღვრა. წილისყრაში მონაწილეობდა ცხრა პოლიტიკური პარტია და 25 საინიციატივო ჯგუფი.

კენჭისყრის მიხედვით, საარჩევნო ნომრები ასე გადანაწილდა:

სალომე ზურაბიშვილი – 48, დავით უსუფაშვილი – 25, კახა კუკავა – 21, ზურაბ ჯაფარიძე – 36, გიორგი შენგელაია – 43, გიორგი ანდრიაძე – 51.

10-მა პოლიტიკურმა პარტიამ ძველი ნომრების შენარჩუნება მოითხოვა. მათ შორის – შალვა ნათელაშვილი – 10, დავით ბაქრაძე - 2, გრიგოლ ვაშაძე – 5, აკაკი ასათიანი - 18.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პარტიებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში, უფლება აქვთ, მოითხოვონ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ის რიგითი ნომერი, რომელიც მათ მინიჭებული ჰქონდათ თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას. თუ რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, მისი უფლება ეძლევა აღნიშნული ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას.

ოფიციალური ინფორმაციით, ცესკო-ში სულ პრეზიდენტობის 46 მსურველია დარეგისტრირებული. მათგან 19 - პოლიტიკური სუბიექტის, ხოლო 27 საინიციატივო ჯგუფის მიერაა დასახელებული.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კანდიდატების მხარდასაჭერად ამომრჩეველთა სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 18 სექტემბერს უნდა წარუდგინონ.

უკვე 28 სექტემბრიდან პრეზიდენტობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს ცესკო-ს თავმჯდომარე.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.