პოლიტიკა
განაცხადების მიღების ვადა ამოიწურა - საქართველოს პრეზიდენტობა 46 ადამიანს სურს, ბურჯანაძის გარდა, რომელიც უკვე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა. ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას სახელზე 46 განაცხადი შევიდა. მათგან 26 - საინიციატივო ჯგუფის, ხოლო 20 პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატია.

როგორც ცესკო-ში განმარტავენ, 10 დღის ვადაში კანდიდატად რეგისტრაციის მსურველებმა საარჩევნო ადმინისტრაციაში მხარდამჭერთა ხელმოწერები უნდა წარადგინონ. ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადა 18 სექტემბერია, ხოლო რეგისტრაცია 28 სექტემბერს დასრულდება.

ამ დროისთვის პრეზიდენტობის ექვსი კანდიდატია რეგისტირებული: მიხეილ გელა სალუაშვილი – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”; ზვიად ბაღდავაძე – „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო”; შალვა ნათელაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია”; დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“; გრიგოლ ვაშაძე  – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობადა ირაკლი გორგაძე – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას არ აპირებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, საარჩევნო გარემო 2012 წელთან შედარებით უკიდურესად გაუარესებულია, ქვეყანაში არჩევნებმა აზრი დაკარგა. ამასთან, მისი თქმით, ქვეყანაში დღევანდელი ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი – პრეზიდენტის ინსტიტუტი გაუქმებულია.

დღეს საზოგადოება მზად არ არის, თავისი უფლებისა და არჩევანის დასაცავად იბრძოლოს, აქტიურად შეებრძოლოს ოლიგარქის ქმედებას და თავგასულობას, ეს უნდა შეიცვალოს. დღეს საზოგადოებამ უნდა გააკეთოს არჩევანი, ჩუმად შევეგუოთ ფეოდალურ რეალობაში და სახელმწიფოში ცხოვრებას თუ ვიბრძოლოთ ერთად, გაერთიანებულ ქვეყანაში საცხოვრებლად”, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, თანამოაზრეებთან ერთად იბრძოლებს საზოგადოების გასააქტიურებლად და შექმნის ძალას, რომელიც ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს შეცვლას აიძულებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანია დღეს ჩემი გულშემატკივარი და მიიჩნევს, რომ მე უნდა მეყარა კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში, ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ ივანიშვილის მიერ დადგმულ ფარსში მონაწილეობის მიღებას. დღეიდან ვიწყებთ ბრძოლას საპარლამენტო არჩევნებისთვის და ხელისუფლებაში მოსვლისთვის”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საქინფორმი: რა თქმა უნდა, პრეზიდენტის კონსტიტუციით შეკვეცილი უფლებები, რომლებიც თითქოსდა ნინო ბურჯანაძის ამბიციებს არ აკმაყოფილებს, აგრეთვე „ფარსი“, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მოაწყო, აქ არაფერ შუაშია. ბურჯანაძის პარტია დიდი ხანია, პრაქტიკულად, არ ფუნქციონირებს, ისევე, როგორც რამდენიმე დაცალკევებული პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაცია (სტალინისტები, კომუნისტები და სხვ.), ამიტომ ბურჯანაძეს იმედი არ აქვს, რომ თუნდაც 2%-ს მოაგროვებს და ლოგიკურად ამჯობინებს, აშკარად წამგებიანი კამპანია არც დაიწყოს.