შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 თებერვალს განაცხადა, რომ "რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ ტერაქტებთან“ დაკავშირებული კიდევ სამი პირი დააკავა.
როგორც შსს–მ განაცხადა, "ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად“ დააკავა ერთ–ერთი ძებნილი, "ტერაქტების შემსრულებელი“ მერაბ ყოლბაია.
პოლიციამ ასევე დააკავა ზუგდიდის რაიონის ორი მკვიდრი – ნუკრი შონია და დავით კეკუტია, რომელთა ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის შესახებ გამოძიების პროცესში გახდა ცნობილი და "რომლებიც მონაწილეობდნენ აღნიშნული ტერაქტების მომზადებაში, კერძოდ: ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში რკინიგზის ხიდის აფეთქების მცდელობაში და თბილისში, მუხიანის დასახლებაში, მომხდარ აფეთქებაში“.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დასაკავებლად,“– ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.
ევგენი ბორისოვი, რომლის დაკავების მოთხოვნით თბილისმა ოფიციალური ნოტით მიმართა მოსკოვს, "ტერორიზმის“ ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება საქართველოს მხარის მოთხოვნით.
საქართველომ რუსეთს აფეთქებების საქმეზე თანამშრომლობისკენ რამდენიმეჯერ მოუწოდა. მაგრამ ოფიციალურმა მოსკოვმა მომხდარს "დადგმული შოუ“ და "ქართული სპეცსამსახურების არაპროფესიონალური ნამუშევარი“ უწოდა.