სამართალი
სად და ვისთვის იკრძალება მარიხუანას მოხმარება - შსს-მ საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების, განსაკუთრებით მოზარდების დასაცავად, მარიხუანას უკანონო ბრუნვის რისკების თავიდან ასაცილებლად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს, – ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების პრაქტიკაში აღსრულების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ შექმნა სრულიად ახალი სამართლებრივი რეალობაპირად სივრცეში მარიხუანას მოხმარებისთვის არამხოლოდ სისხლის სამართლებრივი, არამედ ადმინისტრაციული სანქციაც მიიჩნია არაკონსტიტუციურად. ამასთან, სასამართლომ დაუშვა მისი მოხმარების აკრძალვა საჯარო სივრცეში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სკოლების სიახლოვეს, ისეთ ადგილებში, სადაც შეზღუდვა მიზნად ისახავს არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისაგან დაცვას და ასე შემდეგ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, უწყების უმთავრესი ამოცანაა, დაიცვას მართლწესრიგი და საზოგადოებრივი უსაფრთხოება, მათ შორის დაიცვას საზოგადოება მარიხუანას მავნე ზეგავლენისგან იმ დასაშვებ ფარგლებში, რომელსაც კონსტიტუცია და მის პრინციპებზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადგენს.

საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება საჭიროებს მასში ასახული მიდგომების საკანონმდებლო დონეზე რეგულაციას. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დაყოვნება საფრთხეს უქმნის იმ ლეგიტიმურ ინტერესებს, რომელთა დასაცავად მარიხუანას გარკვეულ გარემოებებში მოხმარების შეზღუდვა თავად საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია დასაშვებად. ამასთან, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობა აფერხებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას და ხელს უწყობს მისი მოხმარების წახალისებას.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების (განსაკუთრებით მოზარდების) დასაცავად, მარიხუანას უკანონო ბრუნვის რისკების თავიდან ასაცილებლად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.

ამ მიზნით, კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მოექცევა მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში.

კერძოდ, სანქციის პროპორციულობის კონსტიტუციური პრინციპის გათვალისწინებით, დაისჯება მარიხუანას მოხმარება:

       საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას; ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში; არასრულწლოვნის თანდასწრებით; სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის (მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის).

კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მარიხუანას მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, შედარებით მკაცრად, სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და არასრულწლოვნისთვის მარიხუანას სასყიდლით ან უსასყიდლოდ გასაღება/გადაცემა ან მარიხუანას მოხმარებაზე დაყოლიება.

ასევე, კანონპროექტის მიხედვით გარკვეული პროფესიის ადამიანებს მარიხუანას მოხმარებისთვის ჩამოერთმევათ პროფესიული საქმიანობის უფლება და შეეზღუდებათ სამოქალაქო უფლებები.

ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების პოპულარიზაცია ან რეკლამა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.