პუბლიკაციები
რევაზ გიორხელიძე: ასტანის პლატფორმა და «გლობალური სულიერი დიპლომატია» (საქინფორმის ექსკლუზივი)

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. მსოფლიო სულ უფრო ნაკლებად მშვიდობიანი ხდება, რასაც 2018 წლის მშვიდობის გლობალური ინდექსი (GPI) ადასტურებს. კვლევის შედეგების მიხედვით, კონფლიქტურობის დონემ მკვეთრად მოიმატა. დღევანდელობის განსაკუთრებულობა კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ მომრავლდა რელიგიური ფაქტორით განპირობებული კონფლიქტები. ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობას დიალოგისა და კონსენსუსისათვის განსაკუთრებული მობილიზება სჭირდება.

საკითხი აქტუალური ხდება მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა რიგით მე-6 ყრილობის წინ, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იმართება ხოლმე. მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი ყრილობის თემაა: «რელიგიური ლიდერები უსაფრთხო მსოფლიოსათვის».

დღემდე პოლიტიკოსები, მეცნიერები და საზოგადოებრივი აქტივისტები ეძებენ პასუხს კითხვაზე – რატომ ხდება ძალადობისა და სიძულვილის მოჭარბება რელიგიის საფარველს ქვეშ მაშინ, როდესაც მსოფლიოს ყველა რელიგია მშვიდობასა და სამართლიანობას ქადაგებს?

როგორც ჩანს, ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არც არსებობს, ხოლო თუკი იგი მაინც არსებობს, ეს მთელი საერთაშორისო საზოგადოებრიობის ძალების გაერთიანებას მოითხოვს.

მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ყრილობა, რომელიც ასტანაში ტარდება, დღესდღეობით მსოფლიოში დიალოგის საწარმოებლად განკუთვნილი უდიდესი პლატფორმაა, რომელიც რელიგიურ მოღვაწეებს, პოლიტიკოსებს, მეცნიერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს რელიგიისა და პოლიტიკის სფეროსთან დაკავშირებული ყველაზე აქტუალური საკითხების განხილვისა და სხვადასხვა ასპექტზე საერთო ორიენტირების მოძებნის მიზნით.

მსოფლიო სასულიერო წოდების ლიდერები ყაზახეთის დედაქალაქში პირველად ზუსტად 15 წლის წინ, 2003 წელს შეიკრიბნენ. იმ მომენტში მსოფლიოს მოქმედმა და ყოფილმა წამყვანმა პოლიტიკოსებმა – ვლადიმირ პუტინმა, ჯორჯ ბუშ-უმცროსმა, ცზიან ცზემინმა, კოფი ანანმა, მარგარეტ ტეტჩერმა მხარი დაუჭირეს ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ინიციატივას, რელიგიის თემატიკაზე მსოფლიო მასტაბის დიალოგის გამართვასთან დაკავშირებით.

შემდგომი შეხვედრები ტარდებოდა სამ წელიწადში ერთხელ: 2006, 2009, 2012 და 2015 წლებში ყოველი ეს შეკრება მთავრდებოდა შემაჯამებელი დეკლარაციის ხელმოწერით. ამ დოკუმენტში დელეგატები აცხადებენ თავიანთი ერთობლივი მოქმედებების შესახებ, მშვიდობის უზრუნველსაყოფისა და შენარჩუნების მიზნით, ასევე მოწოდებით მიმართავენ მსოფლიო საზოგადოებრიობას. ეს დოკუმენტები ყველასათვის ხელმისაწვდომია.

მთელი ამ ხნის მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ან ყაზახეთში და ან მსოფლიოს რომელიმე სხვა ქვეყანაში ყრილობების აქტუალობა ეჭვს ქვეშ დაყენებულიყო. ეს განპირობებულია ასტანის დიალოგის ფორმატის უნიკალურობითა და მისი კეთილშობილური მიზნებით.

დელეგაციათა რაოდენობა, რომლებიც ასტანამ მიიღო და წლიდან წლამდე იზრდება, 90-ს აღწევს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. მაგალითისათვის, 2015 წელს მე-5 ყრილობის საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ იორდანიის მეფე აბდალა II, ფინეთის სახელმწიფოს მეთაური საული ნიინისტე, ისლამის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის (IESCO) გენერალური დირექტორი აბულაზიზ ოსმა ატ-ტუეიჯრი, ასევე იმჟამად მოქმედი გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი, ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OIC) გენერალური დირექტორი იად ამინ მადანი. თავიანთ გამოსვლებში ისინი აღნიშნავდნენ რელიგიური დიალოგის განმტკიცების აუცილებლობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური მშვიდობისა და საერთაშორისო სტაბილობისათვის.

აშკარაა, რომ ოფიციალური ასტანა განწყობილია, რომ ურყევად იმოქმედოს. იგი მოუწოდებს მსოფლიო რელიგიებს დიალოგისაკენ. სპეციალურად ამ ყრილობების ჩასატარებლად 2006 წელს აშენდა მშვიდობისა და თანხმობის სასახლე, რომელსაც პირამიდის ფორმა აქვს, ერთიანობის სიმბოლური გამოხატულების მიზნით.

2017 წელს ასევე გაიხსნა მშვიდობისა და თანხმობის მუზეუმი, მისი დანიშნულებაა კულტურათა და რელიგიათა დიალოგის თემაზე სამეცნიერო კვლევების ჩატარება და მასალების შეგროვება. იმავე წელს დაფუძნდა ასტანის სპეციალური საერთაშორისო პრემია რელიგიათშორის დიალოგში შეტანილი წვლილისათვის, ხოლო ყრილობის საპატიო მედალი პირველად მიმდინარე წელს იქნება გადაცემული.

ყაზახეთი, როგორც შუა აზიის გეოგრაფიული ცენტრი, ბუნებრივად აკავშირებს ერთმანეთთან მსოფლიოს უდიდეს რელიგიებს – ქრისტიანობას, ისლამსა და ბუდიზმს. ამიტომ ამ სახელმწიფოს ამბიცია, ჩაატაროს ასეთი საერთო-საკაცობრიო მნიშვნელობის ღონისძიებები, სავსებით გამართლებული ჩანს.

უნდა აღინიშნოს, რომ ყაზახეთი არის მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური სახელმწიფო,  რომელიც მშვიდობის გლობალურ ინდექსში მაღალ პოზიციებს იკავებს. ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან 130 ეთნოსის წარმომადგენლები, ხოლო რელიგიური გაერთიანებების რიცხვმა 3600-ს გადააჭარბა, 18 სხვადასხვა კონფესიიდან. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ცდილობს ყაზახური სახელმწიფო, შეინარჩუნოს ეთნიკური და კონფესიური მშვიდობა, შიდა ურთიერთობების მაქსიმალური ჰარმონიზაცია მოახდინოს და სწორედ ამისკენ მოუწოდებს იგი მსოფლიო საზოგადოებრიობას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ყაზახეთის პირველი სამშვიდობო ინიციატივა არ არის. ასტანა აქტიურად იღვწის მშვიდობისა და თანხმობის, სტაბილობისა და უსაფრთხოების იდეების გატარებისათვის მთელ მსოფლიოში, 26 წლის მანძილზე მან არაერთი სამშვიდობო ინიციატივა შესთავაზა მსოფლიოს, რომელთა შორის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის საკითხებიც მოიპოვება. ამ ინიციატივებიდან გამოვყოფთ ზოგიერთს: ბირთვულ იარაღზე ნებაყოფლობით უარის თქმა და საცდელი პოლიგონის დახურვა (1991წ.); ბირთვული იარაღისგან თავისუფალი მსოფლიოს შესახებ გაეროს საყოველთაო დეკლარაციის ინიცირება და თანაავტორობა (2015 წ.); მანიფესტის - «მსოფლიო. 21-ე საუკუნე» გამოცხადება (2016 წ.); სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის ორგანიზება («ასტანის პროცესი», 2017 წ.) და სხვ. აშკარაა, რომ ასტანამ შეძლო დაემტკიცებინა, რომ მისი ინიციატივები მსოფლიო მასშტაბის ქმედით მექანიზმებად გარდაიქმნება.

მსოფლიო და ტრადიციულ რელიგიათა ლიდერების ყრილობის თემას რომ დავუბრუნდეთ, ისმის კითხვა: რა როლის შესრულებისკენ არის ეს ყრილობა მოწოდებული და რაში მდგომარეობს მისი აუცილებლობა?

არსებობს იმედი, რომ სხვა მექანიზმებთან კომპლექსში, ეს ფორმატი ხელს შეუწყობს ამჟამინდელი მსოფლიოში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას. რელიგიის ფაქტორის გადაფასება რთულია, მისი კოლოსალური სამშვიდობო პოტენციალი ჯერ საერთოდ არ არის ამოქმედებული. გამომდინარე აქედან, რელიგიათშორისი კომუნიკაცია მიმართული უნდა იყოს არა კონფლიქტურ კალაპოტში, არამედ მას კონსტრუქციული, დიალოგის პრინციპზე დაფუძნებული ხასიათი უნდა ჰქონდეს. ასეთი მიდგომა შეუწყობს ხელს მსოფლიოში მთლიანად და მის ცალკეულ ნაწილებში უსაფრთხოების განმტკიცებას. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ რელიგიათშორის დიალოგთან თანაბარი მნიშვნელობა ენიჭება რელიგიური და სამოქალაქო საზოგადოების, რელიგიისა და პოლიტიკის დიალოგს.

დიალოგის რელიგიათშორისი ფორმატი, რომელსაც ასტანა სთავაზობს, შეიცავს ურთიერთქმედების სხვადასხვა ფორმებს, დისკუსიებით, მოლაპარაკებებითა და კონსულტაციებით დაწყებული, შეთანხმებებისა და კონკრეტულ საკითხებზე ერთობლივი მოქმედებების კოორდინაციით დამთავრებული.

       ამასთან, უნდა გვახსოვსედ, რომ დიალოგი ყოველთვის თანხმობას არ ნიშნავს, მაგრამ იგი ყოველთვის ნიშნავს ამ თანხმობის ძიებას. შესაბამისად, მსოფლიო რელიგიურ ლიდერთა ყრილობა ასტანაში არის არა ერთჯერადი მოვლენა, იგი, უდავოდ პროცესს წარმოადგენს, რომელმაც მუდმივ საფუძველზე უნდა იმოქმედოს.

დიალოგი იძლევა საშუალებას, მხარეებმა ერთმანეთი არ აღიქვან «მტრის ხატის» საფუძველზე, განიმსჭვალონ ურთიერთნდობით და მოახდინონ რელიგიური და ეთნიკური ურთიერთობების ჰარმონიზაცია, რაც, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური წინააღმდეგობების შერბილებას შეუწყობს ხელს.

ასე და ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ასტანის პლატფორმა კლასიკური ან თუნდაც საზოგადოებრივი დიპლომატიის ჩარჩოებს გარეთ იმყოფება. ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა წინა, მე-5 ყრილობის გამოსვლაში აღნიშნა კიდეც, რომ პლატფორმა უკვე იქცა «გლობალური ''სულიერი დიპლომატიის'' უმნიშვნელოვანეს ელემენტად». ამ აზრს ეთანხმებიან სხვა მსოფლიო ლიდერებიც.