სამართალი
„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ეროვნული ერთობის წევრ გიორგი ჭელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე კი ბრალდებულისთვის 1000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

გიორგი ჭელიძეს ბრალი 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა ჭელიძის საქმეზე 17 ოქტომბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით საქართველოს ეროვნული ერთობის წევრი გიორგი ჭელიძე რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, 31 აგვისტოს სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.