უცხოეთი
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ალექსანდრ ზახარჩენკოს მკვლელობა უკრაინის მხრიდან მინსკის შეთანხმების ჩაშლის მცდელობაა

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის, ალექსანდრ ზახარჩენკოს მკვლელობა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინის მხრიდან, მინსკის შეთანხმების ჩაშლის მცდელობად შეაფასა.

ეს პროვოკაცია ღიად არის მიმართული მინსკის შეთანხმების ჩაშლისკენ, რომელსაც ოფიციალური კიევი ისედაც არ ასრულებდა“,- განაცხადა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ზახარჩენკოზე თავდასხმის დროს, თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერთან ერთად, კიდევ ერთი პირი დაიღუპა. რუსული მედიის ცნობით, ის ალექსანდრ ზახარჩენკოს პირადი დაცვის წევრი იყო. ამასთან, აფეთქებისას დაშავდა 11 პირი.

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები მომხდარში ოფიციალურ კიევს ადანაშაულებენ. ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, დიმიტრი ტრაპეზნიკოვის განმარტებით, გამოძიებამ აჩვენა, რომ აფეთქება უკრაინის მხრიდან საბოტაჟის მოწყობის მცდელობა იყო.

ტრაპეზნიკოვის თქმით, პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, საზღვრები დაიხურა. ოლქის ტერიტორიაზე კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა ალქესანდრ ზახარჩენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. სეპარატისტულმა ძალებმა კი მომხდარი ტერაქტად შეაფასეს.

აფეთქება, რომლის დროსაც თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი, ალექსანდრ ზახარჩენკო დაიღუპა, დონეცკის ცენტრალურ ნაწილში მდებარე კაფე „სეპარში“ მოხდა.

1tv.ge