პოლიტიკა
ისრაელი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში აზერბაიჯანის გაწევრიანების წინააღმდეგი არ იქნება - იაკობ კედმი

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. „აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის ურთიერთობა ყველაზე მაღალ დონეზე არის და იქნება იმის მიუხედავად, ვისთან იქნება სოლიდარული აზერბაიჯანი“, - ასე უპასუხა ისრაელის სპეცსამსახურ „ნატივის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა იაკობ კედმიმ სეიმურ მამედოვის შეკითხვას (Vzglyad.az).

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას არ ჰყავს ისეთი მტერი, როგორიც, მაგალითად, ნატოს. თუ აზერბაიჯანს მიაჩნია, რომ ეს ორგანიზაცია მისი თავდაცვისუნარიანობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებას ხელს შეუწყობს, აქ სათქმელი არაფერია. აზერბაიჯანისთვის საკუთარი პრობლემები ცნობილია. ვიცი, რომ დღეს აზერბაიჯანს რეალურად არავინ ემუქრება, არცერთი სახელმწიფო: არ არის საფრთხე რუსეთის, თურქეთის და ირანის მხრიდან. ყარაბაღის კონფლიქტი კი ძველი კონფლიქტია, რომლის გადაჭრა სხვა გზით შეიძლებოდა და ვფიქრობ, რომ ის გადაიჭრება. ასე რომ, აზერბაიჯანის შესვლა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული“, - აღნიშნა კედმიმ.

„ეს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ არ მივუთითებთ აზერბაიჯანს ამ საკითხში. ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, რომ ისრაელმა ამასთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვას. ეს ორგანიზაცია არ არის მიმართული ისრაელის წინააღმდეგ. და აზერბაიჯანისთვისაც ვერანაირ მინუსებს ვერ ვხედავ. შესაძლოა, ამან ევროპელები და ამერიკელები არ აღაფრთოვანოს, მაგრამ ისრაელი აზერბაიჯანთან ურთიერთობას მაშინაც გააგრძელებს, თუ ბაქო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს“, - დაასკვნა კედმიმ.