სამართალი
სააკაშვილის თანამებრძოლები მოითხოვენ, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ჯონ მაკკეინის სახელი ეწოდოს

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. ევროპული საქართველო თბილისის საკრებულოს და სახელდების კომისიას ინიციატივით მიმართავს, დაიწყოს მსჯელობა თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭების თაობაზე. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველების ვალია, პატივი მიაგონ სენატორის ხსოვნას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის  გულშემატკივარი იყო.

„“ევროპული საქართველო“ ინიციატივით მივმართავთ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს სახელდების კომისიას, მმართველ ძალას, ასევე ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, რომ ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება და თბილისის ერთ-ერთ ქუჩას დავარქვათ ჯონ მაკკეინის სახელი. სენატორი მაკკეინი იყო თავისუფლებისთვის მებრძოლი ერების ყველაზე დიდი მხარდამჭერი. ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში ის იყო ყველაზე დიდი გულშემატკივარი იმ ნაბიჯებისა, რომელსაც საქართველო დგამს თავისუფლებისკენ. მაკკეინი საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთი ხმამაღალი გულშემატკივარი იყო. საქართველოსთვის ყველაზე მძიმე წუთებში ამ ადამიანმა თქვა ყველაზე ნაცნობი სიტყვები, რომ დღეს ყველა ამერიკელი არის ქართველი. ვფიქრობ, ქართველების ვალია, მადლობა ვუთხრათ ჯონ მაკკეინს და სამუდამო პატივი ვცეთ მის სახელს. დავსხდეთ, მოვილაპარაკოთ და თბილისის ერთ -ერთ ქუჩას ვუწოდოთ ჯონ მაკკეინის სახელი“, - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.