აქტუალური
ძლიერი ხანძრები ბათუმში და სოფელ ცედანთან ხაშურში

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიან სავაჭრო ცენტრში ბათუმში დაიწვა და დაზიანდა 10 მაღაზია, ასევე სავაჭრო ცენტრის სახურავი – ჯამში 560 კვ.მ ფართობი, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხანძრის სწრაფ გავრცელებას სავაჭრო ცენტრში არსებულმა ადვილად აალებადმა პროდუქციამ შეუწყო ხელი.

ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება სავაჭრო ცენტრის გვერდით მდებარე ბაზრობაზეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 65 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

ხაშურში, სოფელ ცედანის ტყეში ხა​ნძარს ამ დრომდე ებრძვიან. ადგილზე 220 მეხანძრე-მაშველი და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები მოხალისეებთან ერთად რჩებიან.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ხანძრის კერა დაახლოებით 15 კილომეტრის მოშორებით არის დასახლებული ადგილიდან და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ადგილობრივი მოსახლეების თქმით, ხანძრის კერამდე გზა თითქმის მოუვალია.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, ადგილზე ცეცხლის ღია კერები პრაქტიკულად აღარ არსებობს.

„მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ძირითადად, ცოცხალი ძალა აქრობს ცეცხლს. ადგილზე იწვის ჩქერი. ადგილზე ასევე იმყოფებიან სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. სიტუაცია რთული რჩება, მაგრამ ვაკონტროლებთ. გაკეთებულია თხრილი სპეცტექნიკის გამოყენებით და ცეცხლის გადასვლის საფრთხე აღარ არსებობს“, – განაცხადა თორნიკე გვაზავამ.