უცხოეთი
თურქეთის ფინანასთა მინისტრი - აშშ-ის სავაჭრო სანქციებს მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია შეუძლია

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. თურქეთი შიშობს, რომ შეერთებული შტატების მიერ თურქეთზე დაწესებულმა სავაჭრო სანქციებმა შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთის მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რაც საბოლოო ჯამში წაახალისებს ტერორიზმსა და ლტოლვილთა კრიზისს. ამის შესახებ თურქეთის ფინანსთა მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა გუშინ პარიზში ფრანგ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, როდესაც მედიასთან ვაშინგტონსა და ანკარას შორის პოლიტიკური განხეთქილება შეაფასა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ თურქეთის ფინანსთა მინისტრმა, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძეა, პარიზის შეხვედრა სავარაუდოდ, ორი მიზნისთვის გამოიყენა: ერთის მხრივ გაახმოვანა დამოკიდებულება ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ და მეორეს მხრივ, ხაზი გაუსვა ანკარას სურვილს, გააუმჯობესოს კავშირი ევროპასთან.

როგორც ცნობილია, აშშ-სა და თურქეთს შორის განხეთქილება თურქეთში ამერიკელი პასტორის ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებას მოჰყვა. ანკარამ არ დააკმყოფილა ვაშინგტონის მოთხოვნა პასტორის გათავისუფლების თაობაზე, რის პასუხადაც ეკონომიკური სანქციები მიიღო. შედეგად, ისედაც კრიზისში მყოფი თურქული ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდა და წლიურმა ვარდნამ 40 პროცენტი შეადგინა.

ინვესტორებს თურქულ „ჰალკბანკში“ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ აღძრული ძიებაც აფიქრებთ, რომელიც ბანკის მიერ ირანზე ამერიკული სანქციების შესაძლო დარღვევას უკავშირდება. „ჰალკბანკი“ უკანონო ტრანზაქციებს უარყოფს, თუმცა ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, ბანკს, სადაც სახელმწიფო მსხვილი აქციონერია, მაღალი ჯარიმა დაეკისრება.

ყველა ეს ნაბიჯი, რომელსაც პოლიტიკური მოტივაცია უდევს საფუძვლად, მხოლოდ გლობალურ ფინანსურ სისტემას კი არ მიაყენებს დარტყმას, არამედ გლობალურ ვაჭრობასა და რეგიონის სტაბილიზაციას,“- განაცხადა ალბაირაქმა ფრანგ კოლეგასთან, ბრუნო ლე მეართან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„ეს ზიანს მიაყენებს რეგიონის სტაბილურობას და სამწუხაროდ, ხელს შეუწყობს ისეთ ქაოტურ პრობლემებს, როგორიცაა ტერორიზმი და ლტოლვილთა კრიზისი“,-განაცხადა მან.

1tv.ge