რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: გერმანია რუსეთს საქართველოს გულისთვის არ დაემდურება! - ანგელა მერკელის ვიზიტის შედეგები

    ანგელა მერკელის ვიზიტმა იმედი გაუცრუა საქართველოს ხელისუფლებას და საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც უკრაინის, პოლონეთის და ბალტიისპირეთის ლიდერების მსგავს განცხადებებს მოელოდა, თუმცა, საღად მოაზროვნე მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ანალიზის ელემენტარული უნარი არ დაუკარგავთ, ergo - რომლებიც ნაკლებად ექვემდებარებიან დასავლეთის პროპაგანდის გავლენას, არავითარი სიურპრიზი არ მომხდარა. დანამდვილებით ცნობილი არ არის, რაზე ილაპარაკეს „ვიწრო წრეში“ - საქართველოს ხელმძღვანელობასთან და ოპოზიციასთან შეხვედრისას, კომენტარს არც ტრადიციულ რიტუალებს გავუკეთებ - ტერიტორიული მთლიანობისათვის სამხედრო კონფლიქტებში დაღუპულთა მემორიალის გვირგვინებით შემკობას და ე. წ. სადემარკაციო ხაზის მონახულებას და ბინოკლით რუსეთის სამხედრო ბაზის დათვალიერებას. ოფიციალური საჯარო გამოსვლების - საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივი პრესკონფერენციის და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ - ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის ხელმძღვანელის სამი მთავარი მესიჯი შემდეგია: 

ნატო - არა: მერკელმა მკაფიოდ გამოხატა გერმანიის პოზიცია, რომელიც მხარს არ დაუჭერს საქართველოს შესვლას ალიანსში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან არსებული ტერიტორიული პრობლემების გამო. ანუ, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გერმანიის მიერ დაფიქსირებული პოზიცია უცვლელი დარჩა და უნისონშია ბრიუსელის სამიტზე ნატოს ლიდერი ქვეყნის ხელმძღვანელის განცხადებასთან: მომავალში ასეთი შანსი გამოჩნდება, ახლა - არა“. წერტილი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. 

ევროკავშირი - არა: აღნიშნა რა საქართველოს წარმატებები დემოკრატიული რეფორმების გატარების საქმეში, მერკელმა განაცხადა, რომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივებში ევროკავშირში მისი გაწევრიანებისთვის წინაპირობები ჯერჯერობით არ არსებობს, და რომ საქართველო უკრაინასთან ერთად რიგში დგას, ოღონდ - მხოლოდ ბალკანეთის ქვეყნების შემდეგ. Извини, генацвале, лет через пять... помогу!“ - ფრთოსანი ფრაზა გამახსენდა „მიმინოდან“, როცა მერკელმა განაცხადა, რომ საქართველომ ბევრი უნდა იმუშაოს იმისთვის, რათა შესაძლებელი გახდეს საუბარი ევროკავშირში მის წევრობაზე“, მაგრამ ეს პროცესი ხუთი წლის შემდეგ დამთავრდება თუ არა“, მან არ იცის. დღეს კი, მისი თქმით, საქართველო უნდა ისწრაფვოდეს სტანდარტებისაკენ, რომლებიც გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ვიზების ლიბერალიზაციით, უნდა ისწრაფვოდეს გერმანიასთან ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისაკენ, თავისუფალი ვაჭრობის და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებისაკენ, უნდა ებრძოლოს სიღარიბეს და უთანასწორობას. 

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - არა: თავისი განცხადებით, რომ გერმანიაუარს ვერ იტყვის კარგ თანამშრომლობაზე მსოფლიოს ისეთ მნიშვნელოვან ქვეყანასთან, როგორიც რუსეთია“, კეროდ, ნავთობის და ბუნებრივი აირის სფეროში, ანგელა მერკელმა არაორაზროვნად მიგვახვედრა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გულისთვის არ აპირებს, მით უმეტეს, აშშ-ის სანქციების პირობებში. „ეს ხანგრძლივი პროცესია“, - განაცხადა მერკელმა, - რომლის განმავლობაში გერმანია საქართველოს ჰუმანიტარულ მხარდაჭერას გაუწევს: გრანტებს გამოუყოფს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის - საკანალიზაციო სისტემების, წყალმომარაგების, გაზსაცავებისთვის, ასევე დაეხმარება ლეგალურ შრომით მოწყობაში და განათლების სფეროში. 

მაშინაც კი, როცა განაცხადა, რომ „ჰუმანიტარული ვითარება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კატასტროფულია“, დიპლომატიურმა მერკელმა დასძინა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მითხრა“, ხოლო ტერმინი ოკუპაცია მხოლოდ მესამე მცდელობაზე ძლივს ათქმევინა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, რომელმაც შეკითხვა დაუსვა და რომელიც საგარეო პოლიტიკაში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თანაშემწე აღმოჩნდა. ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე მერკელი იყენებდა მხოლოდ სიტყვას უსამართლობა და საქართველოს უკრაინასთან ერთად ახსენებდა. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მაღალი რანგის გერმანელი სტუმარი შეეგუა, რომ მასპინძლებს იმდენად მისი აზრი კი არ აინტერესებთ, რამდენადაც იმის გაგონება სურთ, რაც უნდათ, რომ გაიგონონ... 

P.S. ვინ იფიქრებდა, რომ ფაშისტურ გერმანიაზე დიადი გამარჯვებიდან 73 წლის შემდეგ უმაღლესი მთავარსარდლის, ქართველი გენერალისიმუსის დამხობილი ქანდაკი გორის შემოგარენში ეგდებოდა, ხოლო იმხანად დამხობილი გერმანიის ამჟამინდელი კანცლერი თბილისში ყველაზე მაღალ ტრიბუნაზე შედგებოდა?! 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
წყარო: «Спутник – Грузия»
2018 წლის 28 აგვისტო
საქართველო, თბილისი