რედაქტორისგან
გენერალისიმუსის შურისძიება - არნო ხიდირბეგიშვილის პასუხი სერგეი ვესელოვსკის

  მკითხველს შევახსენებთ, რომ 2018 წლის 17 აგვისტოს საქინფორმმა გამოაქვეყნა მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის ღია წერილი მმართველი პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისადმი, რომელშიც ადრესატს გადასცა რუსი საზოგადოების თხოვნა - ნება დართონ, რუსი მოხალისეების მიერ შეგროვებული ფულით, ღირსეულად აღმართვის მიზნით, საქართველოდან რუსეთში წაიღონ .. სტალინის უპატრონო ძეგლი, რომელიც 8 წელია, გორის შემოგარენში სიმინდის ყანაში პირქვე დამხობილი წევს, გენერალისიმუსის მშობლიური ქალაქის ცენტრალური მოედნიდან ჩამოგდების შემდეგ. საინიციატივო ჯგუფის სახელით ეს თხოვნა საავტორო პროგრამის „На самом деле“ პირდაპირ ეთერში News Front-ზე გაახმაურა მისმა მუდმივმა წამყვანმა - რუსმა ჟურნალისტმა სერგეი ვესელოვსკიმ. 

საქინფორმმა, ასევე, გამოაქვეყნა სერგეი ვესელოვსკის კომენტარი პროგრამის „На самом деле“ Facebook-გვერდზე და მცირე განმარტება დაურთო. 

დღეს ვაქვეყნებთ სერგეი ვესელოვსკის ახალ კომენტარს, რომლითაც მკითხველები რუსეთში ჩაფიქრებული პროექტის დეტალებს და საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის საექსპერტო შეფასებას შეიტყობენ. 

სერგეი ვესელოვსკი: თუ ქართველები სტალინს გამოუშვებენ...

„დღეს მე და ჩემი კოლეგა ვფანტაზიორობდით, როგორ უნდა გადავიტანოთ სტალინის ძეგლი გორიდან ყირიმში (დონეცკში, მოსკოვში...). შევთანხმდით, რომ უბრალოდ პორტამდე მიტანის შეკვეთა, შავი ზღვის გადაცურვა და დანიშნულების ადგილზე ჩატანა - მოსაწყენია და არანაირი ინფორმაციულ-პატრიოტული დატვირთვა არ გააჩნია. 

მოკლედ, გეგმა შემდეგია: ვიქირაოთ ნარინჯისფერიკამაზი“ (როგორსაც პუტინი მართავდა) დაგრძელებული ბაზით (ძეგლის სიგრძე 6 მეტრია). მთელი მისი ფასადი შესაბამისად გავაფორმოთ. საჭესთან შეიძლებაკამაზისტიარმენ გასპარიანი დავსვათ, თუ ის უკვე საქართველოშიც პერსონა ნონ გრატა არ არის. გამცილებელი-შტურმანის როლში შეუცვლელი იქნება სერგეი იუხინი.

ამ სტალინურიკამაზითჩავიდეთ გორში, გზად სხვადასხვა ქალაქიდან News Front-ზე და Вести.ФМ-ზე პირდაპირ ეთერში გავიდეთ. თავისთავად ცხადია, მოვახდინოთ ძეგლის ბორტზე დატვირთვის და საქართველოდან რუსეთისაკენ მიმავალ გზაზე სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის, კრასნოდარის მხარის გავლით მოძრაობისას ქალაქების მცხოვრებლებთან შეხვედრების ტრანსლაცია... 

ერთი სიტყვით, თუ სურვილი იქნება, ჩვეულებრივი ტრანსპორტირებისგან შეგვიძლია, ნამდვილი პატრიოტული აქცია სტალინი ბრუნდება მოვაწყოთ.“

  

არნო ხიდირბეგიშვილი: საჭესთან გასპარიანი არ დასვათ!

 „სერგეი, მესმის თქვენი პატრიოტიზმი და ეფექტური პიარჩანაფიქრი, მაგრამ ფლეშმობის სტალინი ბრუნდება მოწყობა ბევრი მიზეზით სრულიად არარეალურია. თუ მიზანი მართლაც გენერალისიმუსის უნიკალური ძეგლის წაღებაა, თქვენს ადგილზე საინფორმაციო სააგენტო საქინფორმის ვებგვერდზე და პოპულარულ ქართულ გაზეთ ასავალ-დასავალში პუბლიკაციებს გავამყარებდი ოფიციალური წერილით, თხოვნით - ეს საკითხი დაყენებული იქნეს კარასინის და აბაშიძის მორიგ შეხვედრაზე პრაღაში, მითუმეტეს, რომ ჰუმანიტარული, ისევე, როგორც სავაჭრო კონტაქტები საქართველოსა და რუსეთს შორის დიდი ხანია, აღდგენილია. 

დაე, საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად უპასუხოს რუსეთის მხარეს - საგარეო საქმეთა სამინისტროს ან კულტურის სამინისტროს. როგორც ხვდებით, ჟურნალისტების მიმოწერა და პუბლიკაციები თუნდაც ყველაზე პოპულარულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ისევე, როგორც საქართველოში ყველაზე გავლენიანი ადამიანის - ყოფილ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილისადმი მიმართვა, რომელსაც ამჟამად სახელმწიფო თანამდებობა არ უკავია, საქართველოს მთავრობას შეუძლია, ჯიქურ „არ შეამჩნიოს“. ხოლო თუ რუსეთის კულტურის სამინისტრო მიმართავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, პასუხი აუცილებლად იქნება, ოღონდ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, რომელთანაც მოქმედებს რფ-ის ინტერესების სექცია ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში. 

გირჩევთ, ოფიციალურ წერილში საქართველოს მთავრობას უსასყიდლო გადაცემის გარდა კიდევ რამდენიმე ვარიანტი შესთავაზოთ, კერძოდ: სოლიდურ თანხად შეძენა, რომელიც საქართველოში კულტურული ძეგლების აღდგენაზე დაიხაჯება, ან რუსეთის მუზეუმებში დაცულ, საქართველოსთვის ისტორიული ღირებულების მქონე რომელიმე ნივთზე გაცვლა. 

გამორიცხული არ არის, რომ საქართველოს პასუხი უარყოფითი იქნება, იმიტომ, რომ რუსეთისთვის ძეგლის გადაცემის ლოგიკური მოტივაცია არ არსებობს - გორის ცენტრალურ მოედანზე ხომ ჯერ კიდევ არსებობს სტალინის მუზეუმი, სადაც მონუმენტური ნაგებობის ქვეშ განთავსებულია როგორც დახურული ექსპოზიცია, ისე სტალინის მშობლების სახლის ზუსტი ასლი, აგრეთვე რკინიგზის სპეცვაგონი, რომელშიც ყველა დროისა და ხალხის ბელადი მგზავრობის დროს მუშაობდა. ძეგლის გადაცემასთან ერთად, ლოგიკურად, რუსეთს მთელი მუზეუმიც უნდა გადაეცეს, რათა „საბოლოოდ გავთავისუფლდეთ ტირანის წყეული საბჭოური მემკვიდრეობისაგან“. 

თუმცა, ჩვენმა ძალისხმევამ, შესაძლოა, დადებითი როლი შეასრულოს - საქართველოს ხელისუფლებას უბიძგოს ძეგლის დაბრუნებისკენ გორის ცენტრალურ მოედანზე მდგარ დღემდე ცარიელ კვარცხლბეკზე თუ არა, მის პირდაპირ - სტალინის მუზეუმის სახურავქვეშ მაინც, რომლისთვისაც სახელი რუსული ოკუპაციის მუზეუმად ჯერ არ შეუცვლიათ. 

მაგრამ მთავარი დაბრკოლება არც ლოგიკაა და არც ქართველების გამოღვიძება, რომლებსაც ეს ძეგლი მალე დასჭირდებათ. თქვენს პროექტის ბევრი სხვა პრობლემა აქვს, რომელთაგან პირველი - ტრანსპორტირებაა. თქვენი ესკიზის მიხედვით მოხატულ „კამაზს“, ძარაში სტალინის გარეშეც კი, საქართველოში იგივე ბედი ეწევა, რაც რუსი ტურისტების ავტომობილებს წმინდა გიორგის ბაფთებით - სააკაშვილის ყოჩაღი (გორელებისაგან განსხვავებით!) აქტივისტები საპროტესტო აქციებით შეგხვდებიან და ვერანაირი პოლიცია ვერ დაგიცავთ უმი კვერცხებისა და საღებავისგან, რომლებსაც „კამაზს“ და მასთან ერთად თქვენც დაგიშენენ! 

უფრო საფიქრებელია, რომ თქვენ საერთოდ არ შემოგიშვებენ საქართველოში, როგორც გასული წლის 9 მაისს ზალდასტანოვისღამის მგლები არ შემოუშვეს. სასწაული რომც მოხდეს და გორამდე ჩახვიდეთ, გორელები, რომლებიც 8 წლის წინ, ძეგლის დემონტაჟისას ღამით თავიანთ სახლებში ლაჩრულად დაიმალნენ, ახლა „მამაცურად“ გამოვლენ, რათა „საყვარელი ბელადის ძეგლი ოკუპანტებს არ მისცენ“ და 50-მდე ადამიანი წითელი დროშებით ხელში გარს შემოერტყმის საქონლის მიერ დაბინძურებულ დამხობილ ძეგლს! სოციალურ ქსელებში უკვე გამოჩნდა მათი „საქმიანი წინადადებები“ – „სტალინის ძეგლი რუსებს გავუცვალოთ ცხინვალის რეგიონზე ან აფხაზეთზე იმერეთის დაბლობით“. ხელს გაძლევთ ასეთი ჩენჯი? 

კეთილი, დავუშვათ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის გაძლიერებული ქვედანაყოფები ძეგლის წაღებაში დაგეხმარებიან და გზაში დაგიცავენ, თუმცა, არა მგონია, მათ ასეთი რამ უბრძანონ. როგორ აპირებთ მის გატარებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე? ისინი ხომ 300 კილომეტრზე მეტით არიან დაშორებული ერთმანეთს! თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცხინვალის რეგიონში თუ შეხვალთ, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და, უბრალოდ, გეოგრაფიიდან გამომდინარე, უკან უნდა დაბრუნდეთ, საქართველოს სამხედრო გზაზე, და აფხაზეთისკენ გაემართოთ, საიდანაც ასევე უკან უნდა დაბრუნდეთ, თუკი საქართველო-რუსეთის საზღვრის კანონიერად გადაკვეთა გსურთ. 

რაც შეეხება თქვენთვის „მოსაწყენ“ საზღვაო მარშრუტს, ისიც გამორიცხულია: ფოთის საზღვაო პორტიდან ბორანი ილიჩოვსკში მიემართება, ანუ - უკრაინაში, რაც არა მგონია, გაწყობდეთ, ისევე, როგორც არ გამოგადგებათ ბათუმიდან სოჭში მიმავალი სამგზავრო კატარღა „კომეტა“. ასე რომ, ზღვით წაღების იდეა არ გამოვა, ერთადერთი გზაა სატვირთო ფურით საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგი/ზემო ლარსის  გავლით ჩრდილოეთ ოსეთისკენ. 

და ბოლოს, რას ფიქრობთ, როგორ მიღებას მოგიწყობენ ოსები და აფხაზები ცხინვალსა და სოხუმში, როცა იქ იმ ადამიანის ძეგლით გამოცხადდებით, რომლის წყალობითაც ეს ტერიტორიები საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას დაუმტკიცდა?! თანაც - მისი ქუჩებში ჩამოტარების და ხალხთან დალაპარაკების მიზნით?! არა მგონია, მიღება გულთბილი იყოს, და რუსი ჟურნალისტის სტატუსი აქციებისა და პროვოკაციებისაგან ვერ გიხსნით. აი, მხოლოდ რამდენიმე მოსაზრება, რატომაც სტალინი არ დაბრუნდება“. 

და კიდევ: გეთაყვა, „კამაზისსაჭესთან არმენ გასპარიანი არ დასვათ! ეს საქართველოში აუცილებლად გამოიწვევს არასასურველ ასოციაციებს ბაგრამიანის ბატალიონთან და, შესაძლოა, ქართულ-სომხური კონფლიქტის პროვოცირება და დესტაბილიზაცია მოჰყვეს სომხებით კომპაქტურად დასახლებულ საცხე-ჯავახეთის რეგიონში, რომელზეც გადის ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს რკინიგზა, ეს კი, შესაძლებელია, ყარაბაღში ახალი ომის დაწყების მიზეზი გახდეს! არ ვიცი, ამის შედეგად დაიბრუნებს თუ არა აზერბაიჯანი თავის ტერიტორიებს, მაგრამ საქართველომ კი ნამდვილად შეიძლება, კიდევ ერთი რეგიონი დაკარგოს! ამგვარად, გენერალისიმუსი ყველა დამცირებისთვის მორიგჯერ იძიებს შურს თავის უგუნურ შთამომავლებზე...

P.S. სერგეი! საქართველოს მთავრობისაგან დადებითი პასუხის შემთხვევაში მზად ვარ, ჩემს თავზე ავიღო მთელი მოსამზადებელი საორგანიზაციო სამუშაო და ვიყო საკონტაქტო პირი ოპერატიული კომუნიკაციის განსახორციელებლად თქვენსა და საქართველოს შესაბამის სახელისუფლებო სტრუქტურებს შორის. აგრეთვე, თქვენგან მინდობილობის მიღების შემთხვევაში, მონაწილეობა მივიღო ხელშეკრულების და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებაში ი. ბ. სტალინის ძეგლის გადმოცემისა და ტრანსპორტირებისთვის საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში, საქართველო-რუსეთის საზღვრამდე მისი თანხლების ჩათვლით.“ 

2018 წლის 27 აგვისტო
საქართველო, თბილისი