აქტუალური
თბილისიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე ავტობანს ააშენებენ

     საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობაზე 119 მლნ ლარი დაიხარჯება, ნათქვამია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებაში.

პროექტი ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით. ამჟამად მიმდინარეობს გზის მეორე, 800 მეტრი სიგრძის მონაკვეთის მშენებლობა.

თბილისი-რუსთავის გზა მეზობელი აზერბაიჯანის საზღვარს უკავშირდება და მისი მოდერნიზაცია მნიშვნელოვანია სატრანზიტო თვალსაზრისით. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას", — აღნიშნულია განცხადებაში.

გზის ეს მონაკვეთი ინდუსტრიულ ზონას წარმოადგენს და სამშენებლო არეალი უახლოესი მრავალსართულიანი სახლებიდან დაშორებულია 120 მეტრით.

ახალი ავტობანის სამი მონაკვეთის საერთო სიგრძეა 17,4 კილომეტრი. პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა 2014 წლის აპრილში დაიწყო და 2016 წლის მაისში დასრულდა.