უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ ევროკავშირისთვის აუცილებელი პროექტია

     საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ ევროკავშირისთვის აუცილებელი პროექტია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ფინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, ბუნებრივი აირის მოხმარების მოცულობა იზრდება და ეს ტენდენციაა ევროპაშიც.

„გასულ წელს გაზპრომმა ევროკავშირის ქვეყნებში გაზის მიწოდება 13%-ით გაზარდა. ევროპის ქვეყნებში, მაგალითად ნორვეგიასა და ბრიტანეთში საკუთარი რესურსები მცირდება. რუსეთი ევროპაში გაზის ოპტიმალური მიმწოდებელია“ – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთი მზად არის, ევროპის ბაზარზე კონკურენცია გაუწიოს ბუნებრივი აირის სხვა მიმწოდებლებს, თუ კონკურენცია სამართლიანი იქნება. პროექტის მშენებლობას აშშ-ი ეწინააღმდეგება.

ვაშინგტონში ამბობენ, რომ მილსადენის გაყვანის შემთხვევაში, რუსეთი პოლიტიკურ ბერკეტს მიიღებს.

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ნატო-ს ქმედებების საპასუხოდ, რუსეთი საზღვრებთან სამხედრო ინფრასტრუქტურას გააუმჯობესებს

     რუსეთმა საზღვრებთან არსებული სამხედრო ინფრასტრუქტურა უნდა გააუმჯობესოს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ფინელ კოლეგასთან, საული ნიინისტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ნატო სამხედრო კონტინგენტს რუსეთის საზღვართან სულ უფრო ახლოს ანთავსებს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღნიშნულ ქმედებას კი, რუსეთმა ანალოგიურად უნდა უპასუხოს.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას, კრემლის ლიდერმა დასძინა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთთან სამხედრო ფრენების წესების განხილვაზე უარს აცხადებს.

1tv.ge